უკრაინა-ნატოს საბჭო დღეს ელჩების დონეზე შეიკრიბა, რათა განეხილა რუსეთის მასიური თავდასხმები უკრაინაზე ირანული დრონების და ჩრდილოეთ კორეის რაკეტების გამოყენებით. ნატოს ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ კიევის დახმარებას, – ინფორმაციას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაში, უკრაინის საჰაერო ძალების სარდალი ნიკოლაი ოლეშჩუკი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსეი სერგეევი მონაწილეობდნენ. შეხვედრაზე ნატოს ქვეყნებმა მკაცრად დაგმეს რუსეთის საჰაერო თავდასხმები უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის მიერ ირანული და ჩრდილოეთ კორეის იარაღის გამოყენება.
“ნატო მკაცრად გმობს რუსეთის სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმებს უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათ შორის ჩრდილოეთ კორეისა და ირანის იარაღით. უკვე მეორე წელია, პუტინი ცდილობს მასიური დარტყმებით დაასუსტოს უკრაინა, მაგრამ ვერ ახერხებს. მაშინ როცა მოსკოვი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო მოსახლეობაზე, ნატოს მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის საჰაერო თავდაცვას.
ნატოს წევრებმა დღეს მკაფიოდ განაცხადეს, რომ გააგრძელებენ უკრაინას მნიშვნელოვანი სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას და ნატოს ბევრმა წევრმა გამოთქვა გეგმები მილიარდობით ევროს დამატებითი სიმძლავრის მიწოდების შესახებ 2024 წელს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.