თბილისი: უკრაინამ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა. „შავ სიაში“, რომელიც უკრაინის ხელისუფლებამ დაამტკიცა, მოხვდნენ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამაზ გოგია, ე.წ. პარლამენტის წევრი ალმასხან არძინბა და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ოლეგ არშბა.
ასევე, სანქციები დაუწესდათ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს – ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს იგორ კოზაევს, ე.წ. პარლამენტის ვიცე სპიკერ რუსლან თედეევს, ე.წ. დეპუტატებს, ბახვა თედეევსა და იგორ ჩოჩიევს, ასევე ე.წ. პრეზიდენტის თანაშემწე დავიდ გაზატის.
ამასთან, დოკუმენტის თანდართულ სიაში არის საქართველოს მოქალაქე მერაბ ხალვაში, რომელიც ამჟამად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის პოსტს იკავებს. ასევე სიაში არის 1986 წელს დაბადებული მირანდა თურმანიძე. დოკუმენტის მიხედვით, თურმანიძე მეცნიერებათა დოქტორია და ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში მუშაობს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, სანქციების დაწესების რამდენიმე მიზეზი სახელდება: ქერჩის ხიდის მშენებლობაში მონაწილეობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდოარჩევნების ორგანიზება და ხელშეწყობა, ანტიუკრაინული შინაარსის გამოცემების გავრცელება, ყირიმში უკანონოდ ჩასვლა, უკრაინის კუთვნილი სამუზეუმო კოლექციის უკანონოდ მიღება და გამოყენება.
როგორც უკრაინის ხელისუფლება განმარტავს, შავ სიაში მოხვედრილ პირებს უკრაინაში ანგარიშებს დაუყადაღებენ და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავენ. სანქციები სამი წელი იმოქმედებს.
უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების შესახებ განკარგულება გუშინ გამოქვეყნდა. სულ სიაში არის 294 იურიდიული და 848 ფიზიკური პირი. მათ შორის ავსტრიის, ბელგიის, ბრაზილიის, საბერძნეთის, იტალიის, ნიდერლანდების, გერმანიის, აშშ-ისა და უნგრეთის მოქალაქეები.