დიდმა ბრიტანეთმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს 100 წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულებას. ის მიზნად ისახავს ძლიერი კავშირების დამყარებას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სრულ სპექტრში: ვაჭრობაში, უსაფრთხოებისა და თავდაცვაში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, განათლებაში, კულტურაში და სხვა.
შესაბამის შეთანხმებას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა მოაწერეს ხელი, რომელიც კიევში გამოუცხადებელი ვიზიტით ჩავიდა.
“დღეს მართლაც ისტორიული დღეა. უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე. ჩვენ მივედით ახალ დონეზე, ეს უფრო მეტია, ვიდრე სტრატეგიული ურთიერთობა. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას 100-წლიანი პარტნიორობის შესახებ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ბრიტანეთის პრემიერის თქმით, 100-წლიანი პარტნიორობა არის “მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების მხარდასაჭერად”, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ “ის აღარასოდეს იქნება დაუცველი რუსეთის მიერ მასზე მიყენებული სისასტიკის მიმართ”.
შეთანხმება ბრიტანეთს ავალდებულებს, მომავალი საუკუნის განმავლობაში გვერდში დაუდგეს სუვერენულ უკრაინას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნატოში გაწევრიანება მისი უსაფრთხოების საუკეთესო გარანტიაა და გაერთიანებული სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის შეუქცევად გზას ნატოში გაწევრიანებისკენ.
მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება.
უსაფრთხოების გაძლიერება და უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე კონსენსუსის მიღწევა.
საზღვაო უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის დამყარება.
ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის გაძლიერება.
ენერგეტიკის, კლიმატის და სუფთა ენერგიაზე გადასვლაზე თანამშრომლობის გაძლიერება.
თანამშრომლობა მართლმსაჯულების და ანგარიშვალდებულების გაძლიერების სფეროში.
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ლიდერების პოზიციის განმტკიცება.
სოციალურ-კულტურული კავშირების პოტენციალის გამოყენება.
თანამშრომლობა მიგრაციაზე.
2024 წლის იანვარში უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა უკვე მოაწერეს ხელი ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მისი მოქმედების ვადა 10 წელია. იგი იძლევა ფინანსური, სამხედრო და სხვა სახის მხარდაჭერის გარანტიებს.
იგი ადგენს, რომ თუ რუსეთი ოდესმე კვლავ შეიჭრება უკრაინაში, გაერთიანებული სამეფო ასეთ ვითარებაში უზრუნველყოფს სწრაფ და მდგრად დახმარებას უსაფრთხოების სფეროში, თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობას ყველა საჭირო სფეროში და ეკონომიკურ დახმარებას. ასევე დააწესებს ეკონომიკურ და სხვა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.