უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთის შეჭრის გამო ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინელებს სიმშვიდისა და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
“ძვირფასო უკრაინის მოქალაქეებო, დღეს დილით, პრეზიდენტმა პუტინმა გამოაცხადა სპეციალური სამხედრო ოპერაცია დონბასში. რუსეთი თავს დაესხა ჩვენს სამხედრო ინფრასტრუქტურას და მესაზღვრეებს“, – განაცხადა ზელენსკიმ მიმართვაში.
ზელენსკის განცხადებით, ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.
“მე მქონდა საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. შეერთებულმა შტატებმა უკვე დაიწყო უკრაინის საერთაშორისო მხარდაჭერის ფორმირება”, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.
მიმართვის დასასრულს ზელენსკიმ უკრაინელებს სიმშვიდისკენ და სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.