უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი მიხეილ უკლება უახლოეს პერიოდში თანამდებობას დატოვებს.
ამის შესახებ უკლებამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
“ჩემი დიპლომატიური მისია დასასრულოს უახლოვდება, ამიტომ მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს მეგობრებს პარტნიორობისა და პროფესიული თანამშრომლობისთვის”, – განაცხადა უკლებამ.
მისივე თქმით, 26 მაისს საქართველო და უკრაინა დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს აღნიშნავენ.
“საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და მტკიცედ უჭერს მხარს მის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ორ ქვეყანას შორის აქტიურად ვითარდება პოლიტიკური, ეკონომიკური, ჰიმანიტარული და სხვა ურთიერთობები. მიმდინარე წელს უკვე განხორციელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უკრაინაში. საქართველოში იმყოფებოდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი. უახლოეს პერიოდში შედგება უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის ანდრეი პერუბის ვიზიტი. წლის ბოლომდე განხორციელდება უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს და პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გროისმანის ვიზიტი საქართველოში”, – განაცხადა უკლებამ.
მიხეილ უკლება უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობას 2013 წლიდან იკავებს.