უკრაინის შეთავაზება “სააღდგომო ზავის“ გახანგრძლივების შესახებ კვლავ ძალაშია, რუსეთი სერიოზულად უნდა იყოს მზად ამ თემაზე სასაუბროდ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამჟამად ხარკოვში რუსული დრონების მასიური დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. საჰაერო დარტყმა განხორციელდა ზაპოროჟიეზეც, სადაც საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.
“სამწუხაროდ, არის გარდაცვლილი – ქალი. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მეგობრებს. მხოლოდ ამ დარტყმის შედეგად 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი”, – წერს პრეზიდენტი.
ასევე იმ ღამეს რუსული დრონები დაესხნენ ოდესას. რუსეთი ასევე აგრძელებს სუმის, ხარკოვის, დონეცკის და სამხრეთ რეგიონების დაბომბვას.
“ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად მიზანმიმართული რუსული ტერორი, რომელიც ჩერდება ერთი ბრძანებით, მაგრამ ბრძანებით რუსეთში და რუსული არმიისთვის. აღდგომამ ეს დაადასტურა, როდესაც უკრაინაში საჰაერო თავდასხმის სირენები არ იყო.
ჩვენი წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამოქალაქო ობიექტებთან მიმართებაშიც ძალაში რჩება. საჭიროა რუსეთის სერიოზული მზადყოფნა ამაზე ისაუბროს. უკრაინის მხრიდან არანაირი დაბრკოლება არ არსებობს და არც იქნება”, – განაცხადა ზელენსკიმ.