რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა და რუსეთის მოხალისეთა კორპუსის წარმომადგენლები ახორციელებენ ოპერაციას ბელგოროდის რეგიონის ტერიტორიაზე, რომლის მიზანია შეიქმნას “უსაფრთხო ზონა“ მშვიდობიანი უკრაინელების დასაცავად, – აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ანდრეი იუსოვი.
მისი თქმით, ოპერაციას მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები ახორციელებენ.
“დიახ, დღეს “რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა” და “რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა”, რომელიც შედგება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან, წამოიწყეს ოპერაცია ბელგოროდის რეგიონის ამ ტერიტორიების ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად და მტრის უკან დახევის მიზნით, რათა შექმნან უსაფრთხოების გარკვეული ზონა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, – განაცხადა იუსოვმა.
დღეს სოციალურ ქსელში “რუსეთის მოხალისეთა კორპუსის” და “რუსეთის თავისუფლების ლეგიონის” მებრძოლებმა პუტინის რეჟიმისგან რუსეთის განთავისუფლების დასაწყისი გამოაცხადეს.
ქსელში გამოჩნდა ვიდეოები სამხედროების, ტანკების და ვერტმფრენისაც კი ბელგოროდის ოლქში. ამავდროულად, რუსი მოხალისეთა კორპუსი თითქოს შევიდა ბრიანსკის რეგიონში. (მოვლენები ვითარდება უკრაინის საზღვართან მდებარე რეგიონებში).
თავდაპირველად რუსეთის ხელისუფლება ამაზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებდა, თუმცა მოგვიანებით, რუსული ტელეგრამის არხებზე ბელგოროდის მახლობლად განვითარებული მოვლენების ახალი ვერსიები გაჩნდა, მაგალითად, ნახსენებია, რომ “უკრაინელი დივერსანტები“ ცდილობენ უკრაინის ტერიტორიაზე უკან დახევას, მათი მიზანი იყო “ფოტოები რუსეთის ტერიტორიიდან“.