უკრაინის უმაღლესმა რადამ უკრაინელი ერის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. შესაბამის დადგენილებას 363 სახალხო დეპუტატმა მისცა ხმა.
დოკუმენტის ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ მისი სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზანია უკრაინის ე.წ. დენაციფიკაცია, ხოლო „ნაცისტებად“ რუსეთის ხელისუფლება მოიაზრებს ყველას, ვინც უკრაინულად საუბრობს, თავს უკრაინელად მიიჩნევს და მიისწრაფვის დამოუკიდებელ უკრაინულ სახელმწიფოში ცხოვრებისკენ.
უმაღლესი რადა ამ დადგენილებით მოწოდებით მიმართავს გაერო-ს, ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, ასევე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, აღიარონ რუსეთის მიერ უკრაინელი ხალხის გენოციდი.
უმაღლესმა რადამ ასევე მიიღო კანონპროექტი, რომლითაც რუსეთი ტერორისტ სახელმწიფოდ აღიარა და აკრძალა სიმბოლოები „V“ და „Z“.