უკრაინა F-16-ების შემდეგი პარტიის გადაცემას 2025 წელს ელის, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრთან რუბენ ბრეკელმანსთან ჰააგაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ნიდერლანდები უკრაინის მხარდამჭერ ლიდერებს შორისაა და მათი დახმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა 2024 წელს. უკვე არსებობს შეთანხმებები 2025 წლისთვის. მთავარი პრიორიტეტი F-16-ების პროგრამაა. თვითმფრინავების შემდეგი პარტიის გადაცემას 2025 წელს ველოდებით. ჩვენ ვაგრძელებთ პილოტების, ინჟინრების და ტექნიკოსების მომზადებას“, – განაცხადა უმეროვმა.
მისი თქმით, ნიდერლანდები მთავარ როლს ასრულებს საჰაერო ძალების კოალიციაში, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის საავიაციო ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებას.
“მეორე პრიორიტეტია დრონები. დღის წესრიგშია ასევე საარტილერიო საბრძოლო მასალა, საჰაერო თავდაცვა და ჩამჭრელი რაკეტები”, – აღნიშნა უმეროვმა.
მისივე თქმით, ნიდერლანდებს აშკარად ესმით უკრაინის საჭიროებები და მზად არის დაეხმაროს. მან შემდეგი ლოგიკური ნაბიჯი უწოდა ერთობლივი თავდაცვის საწარმოების განვითარებას, რაც გააძლიერებს ორივე არმიის შესაძლებლობებს.
“ჩვენ გვაქვს სინქრონიზებული გეგმები დახმარების მიწოდების, ბრძოლის ველზე მისი ეფექტური გამოყენებისა და ოპერაციების მხარდაჭერისთვის. მნიშვნელოვანია პარტნიორებთან ერთად სწრაფად და ეფექტურად ვიმოქმედოთ”, – განაცხადა უმეროვმა.