რუსეთის აგრესიაზე არრეაგირება გამოიწვევს არასტაბილურობას ევროპაში და შესაძლოა, პუტინს უბიძგოს, ძალა სხვა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა გარეტ უორდმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის თავდაცვამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
“დღეს, რუსეთის მხრიდან უკრაინაში უკანონო და სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წელი იწყება. უკრაინელებმა აჩვენეს თავიანთი ურყევი ნება, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ კოლონიურ ტირანიას და იბრძოლონ თავისუფლებისთვის.
საქართველოზე უკეთ არავინ იცის, რას ნიშნავს ეს ბრძოლა, რადგან ორივე ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს რუსეთი აკონტროლებს.
უკრაინის თავდაცვამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ჩვენ ვალდებული ვართ, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა.
რუსეთის აგრესიაზე არრეაგირება გამოიწვევს არასტაბილურობას ევროპაში და შესაძლოა, პუტინს უბიძგოს, ძალა სხვა სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენოს.
ვწუხვართ, რომ პრეზიდენტმა პუტინმა მოლაპარაკებების დასაწყებად დააყენა პირობები, რომელიც არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია, მისაღებად ჩათვალოს. უკრაინის გარეშე მოლაპარაკებები ვერ შედგება.
დიდი ბრიტანეთის და უკრაინის სხვა დასავლელი პარტნიორების და მეგობრების მიდგომაა, რომ გავაგრძელოთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა.
ამიტომ, დღეს კიდევ ერთხელ ვამბობთ, მშვიდობა ძალაშია: დიდება უკრაინას, დიდება გმირებს!”, – განაცხადა უორდმა.