უწყვეტი 100-დღიანი პროტესტის მოთხოვნა უცვლელია, ოპოზიცია კვლავ ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს და ამბობენ, რომ არჩევნებისთვის მზადება მიმდინარეობს. როგორ და რა ფორმით უნდა მოხდეს ახალი არჩევნების დანიშვნა, 5-პუნქტიანი გეგმა მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა. ოპოზიციის ნაწილი კი კვლავ გაერთიანებაზე საუბრობს და ფიქრობენ ხელისუფლების დამარცხება ამ ფორმულით იქნება შესაძლებელი. პარალელურად დასავლეთთან აგრძელებენ მუშაობას ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისთვის.
მმართველი გუნდი კი არც სანქციებს იმჩნევს და არ აქციებს. ყველა მიმართულებით კანონების გამკაცრებას აგრძელებს. რას შეძლებს ოპოზიცია, აქვს თუ არა ახლა მას პოლიტიკურად იმის რესურსი, რომ ხელისუფლებას ახალი არჩევნების დანიშვნა აიძულოს? ამ და სხვა საკითხებზე Front News-სთან ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე საუბრობს.
– ქვეყანაში საპროტესტო აქციების 100-ზე მეტი დღე გავიდა. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ ეტაპზე მათ მოახერხეს და დასავლეთის მხრიდან შენარჩუნებულია არაღიარების პოლიტიკა. შესაბამისად ხელისუფლება დასავლეთიდან იზოლაციაში იმყოფება. ევროკავშირის ქვეყნების მხრიდან კი „ოცნების“ სანქცირების პოლიტიკა გრძელდება. განსაკუთრებით აქტიურობს ბალტიისპირეთის ქვეყნები. ოპოზიციის ნაწილი კი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, სადაც ასევე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზე მუშაობენ. როგორ აფასებთ ოპოზიციის აქტიურობას?
– რა თქმა უნდა, ამ მუშაობას აზრი აქვს და ძალიან სწორი მიმართულებით მოქმედებენ. ჩვენმა მოკავშირეებმა უნდა იცოდნენ რას ფიქრობს ხალხი და რას აკეთებს ჩვენი ოპოზიცია. რამდენად წარმატებული იქნება ბოლომდე ეს მუშაობა არ ვიცი, მაგრამ რაღაცა შედეგები რომ იქნება, ფაქტია. ბალტიისპირეთის ქვეყნებს რაც შეეხება, ისინი ყველაზე კარგად გრძნობენ საფრთხეებს და იციან რუსეთიდან გავლენა რა სახის ზიანს მოუტანს ქვეყანას. მათ ყველაზე კარგად იციან რუსული სივრცე რასაც ნიშნავს. ბალტიისპირეთი და საქართველო თავის დროზე სწორედ იმისთვის ვიბრძოდით, რომ დამოუკიდებლობა მოგვეპოვებინა.
მართალია ჩვენი გზები გაიყო, მაგრამ ისინი ჩვენი ყველაზე აქტიური მხარდამჭერები და გულშემატკივრები არიან. რაც შეეხება დასავლეთს, აქ ყველაფერი ჯერჯერობით ნორმალურად მიდის. არ ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს. იქ ჯერ მთელი პოლიტიკური ელიტა უკრაინაზე არის გადართული. საქართველოსთვის ჯერჯერობით იქ არავის სცალია. ამ მიმართულებით ოპოზიციის მხრიდან სწორი ნაბიჯებია გადადგმული. არაღიარების პოლიტიკა გრძელდება და ახლა საჭიროა თუ მთლიანად ევროკავშირი ვერ შეთანხმდება სანქციების საკითხზე, მაშინ ცალკეულმა სახელმწიფოებმა ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსი ნაბიჯები გადადგას.
– თუმცა ხელისუფლება სანქციებს არ იმჩნევს. ვხედავთ “ოცნების“ მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, რომ სანქციებით ხელისუფლების დაშანტაჟება სურთ და ამას ვერ შეძლებენ, “წერონ და იკითხონ” პოზიციაში იმყოფება. რა შედეგს გამოიღებს ასეთი სახის სანქციები და რა გავლენა ექნება მას ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე?
– რა თქმა უნდა, გავლენა საქართველოზე ამ სანქციებს ექნება და ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენი საკითხი დასავლეთში, უნდა თუ არა ეს “ოცნებას“, აქტუალური ძალიან მალე გახდება. ეს მოხდება მაშინ, როდესაც უკრაინის ომის დასრულებაზე დაიწყება მოლაპარაკებები. საქართველო სწორედ უკრაინასთან იქნება მიბმული. საქართველოს სად აღმოჩნდება, რა პოზიციონირებაში ვიქნებით ამ გეოპოლიტიკურ გადანაწილებაში. უნდა ვეცადოთ, რომ უკრაინასთან ერთად საქართველოს საკითხიც იქნეს მიბმული. როცა დასავლეთში ეცოდინებათ, რომ აქ რუსული გავლენები ძალიან გააქტიურებულია, ქვეყანას ემუქრება სწორედ დასავლეთისგან მოწყვეტა, რა თქმა უნდა, ეს საკითხი განხილული იქნება.
აუცილებელია, რომ უკრაინის უსაფრთხოებასთან ერთად, ჩვენი უსაფრთხოების საკითხიც აქტუალური იყოს. ამიტომ ოპოზიციის მუშაობა სანქციებზე, არაღიარების პოლიტიკაზე ძალიან მნიშვნელოვანია. ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე კი ის გავლენა ექნება, რომ ხელისუფლებას ნუ ეგონება, თუკი ჯერჯერობით ეს საპროტესტო მუხტი მინელებულია, ხვალ და ზეგ ის არ იფეთქებს და ხალხის უკმაყოფილება სადმე გაქრა. არსად არაფერი წასულა, როგორც კი ეს გეოპოლიტიკური საფრთხე გადაივლის, უკრაინის ომი აღარ იქნება ხელისუფლებისთვის პროპაგანდის საშუალება, ყველაფერი სრულიად სხვა სახეს მიიღებს. ამიტომ არის, რომ “ოცნება“ ცდილობს სასწრაფოდ მიიღოს ისეთი კანონები, რომელიც რაც შეიძლება შემზღუდველი იყოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების. მას აქვს მოლოდინი, რომ ადრე თუ გვიან ეს უკმაყოფილება ისევ იფეთქებს.
– “ქართული ოცნება” ამ ეტაპზე ახერხებს გეოპოლიტიკა შიდა პოლიტიკაზე გავლენისთვის გამოიყენოს. ოპოზიციასაც მოუწია იმის აღიარება, რომ ომის თემა წინასაარჩევნოდ „ოცნებამ“ ძალიან კარგად გამოიყენა. ახლა კი ამერიკის ახალი დეპარტამენტის პოლიტიკის საკუთარ ღირებულებებთან თანხვედრად ასაღებს. “ოცნება“ მის მიმართ სანქციებს, დასავლეთის დაპირისპირებას გეოპოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს, ამბობს, რომ სწორედ ქვეყანაში მეორე ფრონტის არგახსნის გამო ისჯება. როგორ ფიქრობთ, ახლა მოახერხებს ოპოზიცია ხელისუფლების პროპაგანდის გადაფარვას?
– როდესაც უკრაინის საკითხი გადაწყდება, ხელისუფლებას ომზე სასაუბრო აღარ ექნება. წარსულში შესაძლოა, ეს თემა გამოიყენა, მაგრამ უკრაინის ომის საკითხის გადაწყვეტა ჩვენს შიდა პოლიტიკაზე გავლენას მოახდენს და ხელისუფლებას ეს რიტორიკაც ხელიდან გამოეცლება. ფაქტია, რომ ამერიკა მარტო ომის დასრულების საკითხს რუსეთთან ერთად ვეღარ შეძლებს. ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში უკრაინის და ევროპის გათვალისწინება უნდათ თუ არა აშშ და რუსეთს, მოუწევთ. ამიტომ ევროპასაც ექნება თავისი ადგილი მოლაპარაკების მაგიდასთან.
ამ კონტექსტში ვართ ჩვენც და ჩვენ ამ მოლაპარაკების პროცესში უნდა ვჩანდეთ. ამიტომ რაც უფრო ახლოს ვიქნებით ევროპასთან, მით უფრო მეტი გარანტია გვაქვს იმის, რომ მოლაპარაკების საკითხში საქართველოც მეტ – ნაკლებად აქტუალური იყოს. ეს პრობლემა, რომელსაც „ოცნება“ ცდილობს, რომ მხოლოდ ამერიკის პრობლემად და მოსაგვარებელ საკითხად წარმოაჩინოს, ასე ვერ გამოვა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიციამ არ უნდა იმუშაოს. თუმცა ოპოზიციისადმი ნდობა იმ ელექტორატშიც კი, რომელიც ყოველ დღე მიტინგებს და მანიფესტაციებს აწყობს რუსთაველზე, იქაც კი არაა პოპულარული. აი, ეს პრობლემა აქვს დღეს ჩვენს ოპოზიციას, რომელსაც „ოცნება“ სათავისოდ იყენებს. კი ბატონო, სამწუხაროდ, ოპოზიციამ “ოცნებასთან“ პროპაგანდისტული ომი წააგო. ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდში და ეს დღესაც გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება გარკვეულ შემზღუდველ კანონებს იღებს, ოპოზიციას საკუთარი მედია საშუალებები მაინც აქვს. ასევე არსებობს სოციალური ქსელები, რომელიც ყველაზე დიდი აუდიტორიაა. აქ ინფორმაციის მიტანა არაა მხოლოდ პრობლემა, მიმღებლობაა პრობლემა. ოპოზიცია ვერ ახერხებს იმას, რომ მისდამი ნდობა იყოს ნეიტრალურ ამომრჩეველში. ვერ შეაღწია ოპოზიციამ ხალხის სამზარეულოებში და სახლებში. მათ პრობლემებს ვერ პასუხობენ.
– მაშ რა უნდა ქნას ოპოზიციამ? მაგალითად მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ცდილობს რაღაცა გეგმის წარმოდგენას, საუბრობს ოპოზიციის ერთიანობაზე და ერთიან სამოქმედო გეგმაზე, როგორ უნდა მივიდეს ქვეყანა ახალ არჩევნებამდე. თუმცა მისი ეს 5-პუნქტიანი გეგმა ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია და ზოგმა სადღეგრძელოდაც კი შეაფასა. ოპოზიციას არ სურს ზურაბიშვილის ლიდერობა? ქვეყნის შიგნით ზურაბიშვილის ფაქტორს როგორ აღიქვამთ?
– ზურაბიშვილის ფაქტორი ქვეყნის გარეთ გაცილებით დიდია, ვიდრე ქვეყნის შიგნით. აქ არ არის მხოლოდ საუბარი ოპოზიციაზე. გნებავთ იმ ქარტიას, რომელიც ზურაბიშვილმა წარადგინა, შესაძლოა, დაეთანხმო ან არა, მაგრამ ახალს რას ამბობდა იქ ზურაბიშვილი? პრობლემა უნდა დაისვას და ოპოზიცია ამას ვერ ახერხებს. პრობლემა კი ისაა, რომ ოპოზიციას არ აქვს ხალხთან კომუნიკაცია. ხალხის ნდობა არ გააჩნიათ. ისინი ჩვენს მოსახლეობაში ავტორიტეტები არ არიან. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის როგორ ჩავატარებთ არჩევნებს, არ არის მნიშვნელოვანი. ხალხს აქვს პრობლემები, რომელზეც უნდათ, რომ პოლიტიკოსებმა, ოპოზიციამ ისაუბროს. აქედან გამოსავალზე ისაუბრონ. ოპოზიციას აქვს ტელევიზიები, მაგრამ გადახედეთ რესპონდენტებს, რომლებიც იქ არიან წარმოდგენილები. ისეთი ადამიანები გამოჰყავთ, რომლებიც ან ხელისუფლებაში იყვნენ უკვე ან ოპოზიციაში წლებია, არიან, მაგრამ ვერაფერს აკეთებენ. ხალხს რომ ესაუბრებიან ადამიანის უფლებების დაცვაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერები, ამაზე ხომ ხალხი ბრაზდება. ეს ხომ მათ თვალებში ნაცრის შეყრაა. ამ მედიების ნდობაც იკარგება მერე. ამ ყველაფერზე ოპოზიციას საფიქრალი აქვს. მარტო ტელევიზიებში ჯდომა და გულზე მჯიღის ცემა, ხალხის ლანძღვა არაფერს უშველით. საკუთარ თავში უნდა ეძიონ პრობლემა და გამოსავალი დასახონ.
– ოპოზიციის ნაწილი დიდ ერთიანობაზე საუბრობს. “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ გამოსავალი ოპოზიციის ერთიანობაშია. ცალ-ცალკე მყოფი ოპოზიცია ვერ შეძლებს ხელისუფლების დამარცხებას. თუმცა არ ფიქრობთ, რომ ეს პირიქით, ხელისუფლებას გაუადვილებს მთელი ოპოზიციის ერთ ქვაბში მოხარშვას და ყველას „ნაციონალებად“ გამოცხადებას გაუმარტივებს?
– დიახ, დიდი ერთიანობა ისევ ოპოზიციის წინააღმდეგ იმუშავებს. ნახეთ ადამიანები, ვინც ამ საზოგადოებას მედიებიდან ესაუბრებიან. კიდევ ერთხელ ვამბობ, “ნაციონალურ მოძრაობას“ ჯამურად დღეს ნახევარი მილიონი მხარდამჭერი ჰყავს. თუმცა მათ არ აქვთ ზრდის უნარი. 12 წელია, დგანან და მათ არ აქვთ აუდიტორიის და მხარდამჭერების გაზრდის შესაძლებლობა. კარგია ახლა ის, რომ ყოველდღე ოპოზიციურ მედიასაშუალებებში სააკაშვილს აღარ აჩვენებენ და აღარ გვმოძღვრავს. ამიტომ ეს ერთიანობა არ იმუშავებს. დღეს საჭიროა, რომ ახალი სახეები, ახალი ძალა გამოჩნდეს. არ გამოვრიცხავ იმას, რომ ამ დუღილის პროცესში ახალი ლიდერები გამოჩნდნენ. ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ნამდვილად ახალი ლიდერები სჭირდება. ბოდიშის მოხდით, მაგრამ ოპოზიციის ლიდერთა დიდი ნაწილი ჩვენს მოსახლეობაში ვერ სარგებლობს ავტორიტეტით. ხელისუფლება კი ამას ძალიან კარგად იყენებს. ამიტომ დღეს ორი მიმართულებით გარღვევა უნდა მოხდეს, ერთის მხრივ ამ სახეებმა, რომელთა დისკრედიტაციაც ხელისუფლებისთვის ძალიან მარტივია, უკანა პლანზე გადაინაცვლონ და წინ წამოვიდეს ის ხალხი, რომელთა მიმართ „ოცნებას“ მსგავსი ბერკეტი არ ექნება. ხალხში შეძლებს ნდობის მოპოვებას. სანამ ეს არ მოხდება მანამდე ასე ერთ წრეზე ვივლით.
– “ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე გააკეთა განცხადება, რომ ისინი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ნაწილი ჯერჯერობით ამაზე არ საუბრობს. პოლიტიკურად რამდენად სწორი გადაწყვეტილებაა?
– ძალიან ცუდია, როცა ოპოზიცია მმართველი გუნდის დღის წესრიგით მოქმედებს. არჩევნებამდე დარჩენილია ჯერ კიდევ 7 თვე. ამიტომ ამ პერიოდის განმავლობაში არავინ იცის რა შეიძლება მოხდეს. სიტუაცია საკმაოდ რთულია. შესაბამისად, ოპოზიციამ არ უნდა გააკეთოს ასეთი განცხადებები, რადგან ეს მხოლოდ მას აზიანებს, ხელისუფლებას კი მორიგი პროპაგანდის საშუალებას აძლევს.
ელზა პაპოშვილი