spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახტანგ გომელაური – ქართული პოლიცია დაკომპლექტებულია ღირსეული, პროფესიონალი და თავდადებული თანამშრომლებისგან

გახსოვდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რომ ქვეყანა იყოს ძლიერი და თავისუფალი. ჩვენი ვალია, სახელმწიფოს ინტერესების ღირსეულად დაცვა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის  მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე. მინდა გჯეროდეთ, რომ მე, როგორც მინისტრი, როგორც პოლიციელი და მოქალაქე თქვენს გვერდით ვარ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

 

“მოგესალმებით ბატონო პრემიერ მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარე, მივესალმები თბილისის მერს, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მოგესალმებით ბატონო პოლიციელებო, ოფიცრებო და რიგითებო. გილოცავთ პოლიციელის დღეს! ეს დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო მათ, ვინც ამ წუთებშიც ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას, იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვარს, საზოგადოებრივ წესრიგს, მოქალაქეების უსაფრთხოებას.

 

იმ პოლიციელებს, რომლებიც მართლწესრიგის დაცვის მიზნით, ამწუთასაც დაუღალავად მუშაობენ, მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც მოქალაქეების დასახმარებლად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად,  შესაძლოა, ახლაც იბრძვიან.

 

პოლიციელის დღე მინდა მივულოცო ყველა იმ ადამიანს, ვინც ღირსეულად იდგა პოლიციის რიგებში და ემსახურა საკუთარ ქვეყანას. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ვეტერან პოლიციელს, ვინც ღირსეულად ატარა პოლიციელის მუნდირი, იცავდა ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოებას. მინდა მივულოცო და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ყველა  პოლიციელის ოჯახს,მათ მშობლებს, შვილებს მეუღლეებს. უმნიშვნელოვანესია პოლიციელისთვის თქვენი გვერდში დგომა და მხარდაჭერა.

 

პოლიციელებო, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა,  ქვეყნისა და მოქალაქეების წინაშე გაღებული ღვაწლისთვის, თავდაუზოგავი და თავგანწირული შრომისთვის,  კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლისთვის, გათენებული ღამეებისთვის და იმედისთვის. იცოდეთ, რომ თითოეულ მოქალაქეს აქვს თქვენი იმედი.

 

საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია გმირობის არაერთ ისტორიას ინახავს. ჩვენ გვყავს თანამედროვე გმირები და სწორედ ახლა, განსაკუთრებული სიამაყით, პატივისცემითა და მადლიერებით მინდა გავიხსენო ყველა ის პოლიციელი, რომელმაც თავი სამშობლოსა და მოქალაქეების დაცვას შესწირა.

 

დიდი მოწიწებით მივმართავ მათ მშობლებს, თქვენ სამშობლოსთვის თავგანწირული შვილები გაზარდეთ, რომლითაც მთელი ქვეყანა ამაყობს. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის.

 

მინდა მივმართო მათ შვილებს, დიდი პატივი და ამავდროულად პასუხისმგებლობაა გერქვას გმირის შვილი.  მინდა იცოდეთ, რომ მე როგორც პოლიციელი, ისევე როგორც  ამ ქვეყნის ერთი, რიგითი მოქალაქე ყოველთვის ვიქნები თქვენს გვერდით და ვიამაყებ თქვენი მამებისა და დედების გმირული საქციელით.

 

მინდა კიდევ ერთხელ, წუთიერი დუმილით  პატივი მივაგოთ ჩვენი საამაყო პოლიციელების ხსოვნას.

 

დღეს, პოლიციელის დღეა. ჩვენთვის პოლიციელებისთვის ეს ერთგვარი სიამაყისა და მადლიერების დღეა.

 

დღეს, როდესაც კიდევ ერთხელ მაქვს პატივი თქვენთან ერთად ვიზეიმო პოლიციელის დღე,  მინდა მოგმართოთ, თითოეულმა თქვენგანმა იცოდეთ, რომ არავის მივცემ უფლებას შელახოს თქვენი ღირსება და პატივი.

 

გწამდეთ, რომ ყველგან და ყოველთვის ვიქნები თქვენი ღირსების დამცველი. ყველას არ შეუძლია იყოს პოლიციელი, ეს პროფესია ქვეყნისა და მოქალაქეების განსაკუთრებულ სიყვარულს, საჭიროების შემთხვევაში სამშობლოსთვის თავგანწირვას, სიმამაცეს და სიმტკიცეს მოითხოვს.

 

გახსოვდეთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერები, რომ ქვეყანა იყოს ძლიერი და თავისუფალი. ჩვენი ვალია, სახელმწიფოს ინტერესების ღირსეულად დაცვა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის  მტკიცედ უნდა ვიდგეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე. მინდა გჯეროდეთ, რომ მე, როგორც მინისტრი, როგორც პოლიციელი და მოქალაქე თქვენს გვერდით ვარ. მინდა ღირსეულად ატარებდეთ პოლიციელის მუნდირს და ყოველთვის გახსოვდეთ, რომ  ემსახურებით საქართველოს.

 

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ამაყი ვარ, რომ ქართული პოლიცია დღეს არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მძლავრი ანალიტიკური სისტემებით,  გვაქვს გამართული საკანონმდებლო ბაზა, წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობა, საჭიროებებსა და მიმდინარე გამოწვევებზე მორგებული  სტრატეგიული ხედვები და დოკუმენტები.

 

სამინისტროს აქვს გამართული  ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, განახლებული ავტოპარკი და შეიარაღება.

 

პოლიციელებო, სწორედ თქვენს  პროფესიონალიზმსა და მაღალ კვალიფიკაციაზე მეტყველებს  დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები, რომელიც ყოველწლიურად მზარდია და წელს უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია.

 

აუცილებელია პოლიციელს ჰქონდეს ღირსეული სამუშაო პირობები და სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად უნდა გრძნობდეს მხარდაჭერას და დაფასებას.

 

სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ ქართული პოლიცია დაკომპლექტებულია ღირსეული, პროფესიონალი და თავდადებული თანამშრომლებისგან. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაში თითოეული თქვენგანის როლი უმნიშვნელოვანესია.

 

პოლიციელებო! კიდევ ერთხელ გილოცავთ პოლიციის დღეს! ერთობლივი ძალისხმევით, ღირსეული ბრძოლითა და თავდადებით ბევრი კარგი საქმე გაგვიკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის და ასე გავაგრძელებთ!

 

გისურვებთ მშვიდ ქვეყანაში ღირსეულად ემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და ხალხს!” – განაცხადა გომელაურმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები