ის, რომ უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში, არ არის მართალი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით არაფერი უჩვეულო არ ხდება.
“საზღვარი კონტროლდება, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალ დონეზე, უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მაქსიმალურად აქცენტი გვაქვს გაკეთებული უსაფრთხოებაზე, როგორც საზღვარზე, ასევე გამშვებ პუნქტებზე. იყო ასეთი ხშირი საუბარი, თითქოს მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში, ეს არ არის მართალი.
2021 წელს დაკეტილი იყო საზღვარი, 2019 წელს თუ შევადარებთ, იმაზე ნაკლებია შემოსული, რაც მაშინ შემოდიოდა, შემოსულია იმის 70%. ომის დაწყებიდან ამ 13 დღეში შემოსულია 20 ათას ადამიანზე ცოტა მეტი, როცა 2019 -ში, ანალოგიურ პერიოდში შემოსული იყო 20 ათასი. აქედან ძალიან ბევრი შემოდის თურქეთის მიმართულებიდან, ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობა, ესაა ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები.
დივერსანტების შემოპარვა ცოტა სხვა სპეციფიკაა და ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა გომელაურმა.