spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახტანგ გომელაური – თუ ქარი არ ამოვარდა, ხვალ უკვე დაბალი კერები გვექნება

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო. 

 

ვახტანგ გომელაურმა, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, ხანძრის გავრცელების არეალი დაათვალიერა და ოპერატიული მართვის შტაბში სამუშაო თათბირს დაესწრო.

 

“ყველა კერა ჯერ, რა თქმა უნდა, ლოკალიზებული არ არის, მუშაობენ. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ქარი იყო და თითქმის ჩამქრალი, ლოკალიზებული ხანძარი ახლიდან გაღვივდა და გადავიდა მეორე მთაზე, დღესაც არის პატარ-პატარა კერები. არის აქტიური კერებიც. მუშაობენ.

 

დაახლოებით 1200 კაცზე მეტია მთლიანობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, გარემოს დაცვის წარმომადგენლებიც არიან.ასევე, მობილიზებულია ტექნიკა – 120-110 ერთეული, მათ შორის მძიმე ტექნიკა, ტრაქტორები, რომლებიც გზის გაყვანაზე მუშაობენ, რომ მიუდგნენ – ფიზიკურად ვერ უდგებიან ადამიანები.ჩავიდნენ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ჩვენებიც, თუმცა, წყალი თუ არ მიაწოდეს, მარტო ადამიანის ჩასვლა ცეცხლს ვერ ჩააქრობს, აქედან გამომდინარე, გზების გაყვანაზე მუშაობს ტექნიკა, რომ წყალი მივიდეს დანიშნულების ადგილამდე.საშიშროება, რა თქმა უნდა, არის, თუ ქარი ამოვარდა. თუ არ ამოვარდა ქარი, ღამით კიდევ დავამუშავებთ და ხვალ უკეთესი მდგომარეობა იქნება. თუ ქარი ამოვარდა, რა თქმა უნდა, არის გავრცელების რისკი, შეიძლება, უფრო მეტად მოედოს ტერიტორიებს.

 

ლოკალიზებული გვაქვს სოფლებისკენ, მანქანებია მობილიზებული, რომ სოფლებში არ გადავიდეს. თუ ძლიერი ქარი ამოვარდა, შესაძლებელია, მეტი ტერიტორია დაიწვას, ვიდრე ახლაა დამწვარი. თუ ქარი არ ამოვარდა, ხვალ უკვე დაბალი კერები გვექნება.

 

როცა საჭიროდ ჩათვალეს და გამოიძახეს, მაშინ ჩაერთო ვერტმფრენი. გუშინ ვერ იმუშავეს ფიზიკურად, მარტო ოთხჯერ დაასხეს წყალი, ისეთი ქარი იყო, რომ ვერ ფრინდებოდა ვერტმფრენები. პირველ დღეს არ ჩათვალეს საჭიროდ, დაიწყეს მუშაობა, თუმცა ქარი ამოვარდა და ქარმა მერე გაავრცელა ეს ცეცხლი. ისე, რომ ასეა გაწერილია – ვერტმფრენი ამ დროს უნდა ჩაერთოს და ამ დროს არ უნდა ჩაერთოს, ასეთი რაღაც არ არსებობს მსოფლიოში, მარტო ჩვენთან კი არა, არსად არ არსებობს. როცა ჩათვალეს საჭიროდ – გაუჭირდათ, ლოკალიზება ვერ ხერხდებოდა, აქედან გამომდინარე, გამოიძახეს, ჩამოვიდა. რამდენიმე დასხმა მოასწრეს, მაგრამ ისეთი ქარი იყო, რომ დანარჩენი ვერტმფრენები ვეღარ წამოვიყვანეთ.

 

მინდა კიდევ გავუსვა ხაზი, ვერტმფრენი ერთია, ისე ნუ წარმოგვიდგენია, ვერტმფრენი რომ მიფრინდება, დაასხამს წყალს – დამთავრდება ყველაფერი. იქ თუ ფიზიკურად ადამიანებმა არ დაამუშავეს მიწა… წეღან ვუყურებდით, ვასხამდით წყალს, ამოვთხარეთ დაახლოებით 30 სანტიმეტრი და ისევ ცეცხლი ეკიდა. მთავარი კერა წყლით მუშავდება, თუმცა მერე ხელით თუ არ ჩახვედი და არ დაამუშავე, აზრი არ აქვს, დაახლოებით ერთ საათში იგივე მოხდება“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები, რთული რელიეფის მიუხედავად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კოორდინირებულად ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს.

 

ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში მონაწილეობს 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი. ხანძრის ქრობის პროცესში გუშინ და დღეს დილიდან ჩართული არიან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და მობილიზებულია შესაბამისი სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა. დრონებით ხდება ხანძრის მონიტორინგი. ადგილზე შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები