უკრაინის ომის ირგვლივ მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოქმედებაზეა გადასული. თუმცა მისი მოქმედება მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უკვე უკრაინისგან და ევროპისგან პროტესტის მიზეზი გახდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინაც ჩაერთვება.
ამის შესახებ დონალდ ტრამპმა მას შემდეგ განაცხადა, რაც კიევმა და ევროპელმა მოკავშირეებმა გამოხატეს შეშფოთება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის “ბინძური შეთანხმების” შესახებ – ტრამპის პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე Front News-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ტრამპის პროგნოზირება რთულია. ის და მისი გუნდი ყოველ დღეს სრულიად სხვადასხვა განცხადებებს აკეთებენ. გენერალს რჩება შთაბეჭდილება, რომ ტრამპი რუსეთთან თამაშობს და ახლა ომის დასრულება ყველაზე მეტად მის ინტერესებში შედის. თუმცა გენერალი ფიქრობს, რომ ევროპის გააქტიურება მოლაპარაკებებში ჩართვასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია.
– უკრაინის ომის ირგვლივ მოვლენები ძალიან დინამიურად ვითარდება და როგორც ცნობილია, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს დაურეკა, საათ-ნახევარი ისაუბრეს, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტს. ზელენსკიმ უკმაყოფილება ღიად გამოხატა და განაცხადა, რომ უკრაინის გარეშე ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება ვერ მოხდება. რა თამაშს თამაშობს ტრამპი და რაში მდგომარეობს მისი ამგვარი მოქმედების ლოგიკა?
– ჯერჯერობით რა ხდება და რას აკეთებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დასკვნების გამოტანა ნაადრევია, რადგან პროცესი ახლა იწყება. შესაძლოა ამ მოლაპარაკების დროს უამრავი დადებითი და უარყოფითი ფაქტორები გამოიკვეთოს. მაინც ვფიქრობ, რომ ტრამპის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მივცეთ. გვახსოვს თავის დროზე ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩეინიც კი შეაქო. ჩინეთის ლიდერზე სი ძინპინზე ამბობს, ჩემი მეგობარიაო. პუტინზე იძახის კარგი ურთიერთობა მაქვს და მისი მჯერაო.
ამიტომ მთავარია ტრამპი რას გააკეთებს და რა იქნება შედეგი. ახლა ტრამპი ყველაზე მეტად არის მოტივირებული, რომ ამ ყველაფრიდან გამარჯვებული გამოვიდეს. ვფიქრობ, პუტინის მცირე წარმატებაც კი ტრამპის მარცხად შეფასდება, ამიტომ ის ამას არ დაუშვებს. ის უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავზე და ქვეყნის ინტერესებზე მუშაობს, შესაბამისად, მე მაინც ვითარების განვითარებას დაველოდები.
– ასეთი განცდაც ჩნდება, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, როგორც ადრე თავად აღნიშნა, “თაფლაკევრ მათრახის“ პოლიტიკას იყენებს ამ მოლაპარაკების პროცესში. ხომ არ ფიქრობთ, რომ ის ცდილობს რუსეთის და უკრაინის მოლაპარაკების მაგიდასთან მიტყუებას და შემდეგ ცეცხლის შეწყვეტაზე ხელის მოწერას? თუმცა ზელენსკიმ განაცხადა, რომ არავის ეგონოს პუტინს საერთოდ მოლაპარაკება სურდეს და ის ახლა უბრალოდ თამაშობს. ასახელებს მის მიერ ჯარში მიმდინარე როტაციას და ფრონტის ხაზზე სამხედრო კონტინგენტის გაზრდას.
– მე არ ვფიქრობ, რომ პუტინს ომის დასრულება არ სურს. რუსეთს, როგორც უკრაინას სულის მოთქმა ახლა ძალიან სჭირდება. ომის შემსწავლელი ინსტიტუტის მონაცემებით, რუსეთის ძალებმა 2025 წლის იანვარში 50 ათას კაცამდე დაკარგეს. ეს დაახლოებით ციფრია და გამოდის, რომ ყოველ 1 კვადრატულ კილომეტრზე რომ 100 კაცამდე კარგავენ. გადაიყვანეთ ეს მეტრებში და გამოვა, რომ ყოველ 100 მეტრში ერთ კაცს კარგავენ.
ეს ძალიან ნელი ტემპია და დიდი დანაკარგებია. ამას დავუმატოთ ის დარტყმები, რომელსაც რუსეთი ნავთობგადასამუშავებელ საწყობებზე იღებს ტერიტორიის სიღრმეში. ამიტომ არც ისე წვიმს, როგორც გრუხუნებს ხოლმე. უკრაინამ რაღაცა გარკვეული კრიზისული პერიოდიდან გამოსვლა მოახერხა. დეკემბერი-იანვრის შეტევებიდან გამომდინარე შეძლო გადაჯგუფება და დაცვის გამყარება. რუსეთი დაახლოებით 3-ჯერ ნაკლები ტემპით მიიწევს წინ, ვიდრე ამას სამი თვის წინ ახერხებდა. ასე რომ, რუსეთს არ ულხინს.
– ძალიან საინტერესოა ევროპის პოზიცია და ევროპელი ლიდერების გააქტიურება. საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა განაცხადა, რომ მშვიდობა, რომელიც კაპიტულაციაა, ცუდი ახალი ამბავი იქნება ყველასთვის, მათ შორის აშშ-სთვის. ასევე ვნახეთ დიდი ბრიტანეთის პოზიციაც რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა იჯდეს ევროპა. იმავეს ითხოვს ზელენსკი და ამბობს, რომ მოკავშირეების და ევროპის გარეშე უკრაინა არანაირ მშვიდობას არ მიიღებს. რას ნიშნავს ევროპის ასეთი ხმამაღალი განცხადება?
– მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი პროცესია და ევროპის გამოღვიძებასთან გვაქვს საქმე. ეს შესაძლოა, კარგი საფუძველი და სათავე იყოს ევროპის აღორძინების. რა თქმა უნდა, აქ საფრანგეთს, ბრიტანეთს, გერმანიას, ყველას სხვა ფუნქცია აქვს, მაგრამ ერთიანად ევროპის აქტიურობა და ხმამაღალი განცხადება, რომ არავითარი მოლაპარაკება უკრაინაზე უკრაინის გარეშე და ასევე ევროპაზე ევროპის გარეშე არ იქნება, წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს არის იმის ნიშანი, რომ აშშ რომ გავიდეს ყველაფრით ამ ომიდან, ევროპა არ აპირებს უკრაინის მარტო დატოვებას. თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპი ერთს ამბობს და მისი წარმომადგენლები, გარემოცვა სრულიად სხვადასხვას. ამიტომ ეს არის ტრამპი და მისგან ასეთი ეპატაჟური და არასტაბილური მოქმედებები გამორიცხული არ არის. ამიტომ აღვნიშნე თავშივე, რომ მისი საქციელის და განცხადებების პროგნოზირება და კომენტირება რთულია.
– როგორ ფიქრობთ, რა არის მიზეზი, რის გამოც ტრამპი ცდილობს ევროპა უკრაინის ომის დასრულების მოლაპარაკებებში არ ჩართოს?
– ამ საწყის ეტაპზე ისევ ვამბობ, რომ პიროვნულობაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. როცა მოლაპარაკებაში სახელმწიფო ინსტიტუტები ჩაერთვება, ეს მნიშვნელოვნად შეიცვლება. ჩემი გადასახედიდან, ტრამპი ცდილობს გამარჯვების გვირგვინი არავის დაუთმოს და თავად იყოს წარმატების და გამარჯვების ეპიცენტრში, აპლოდისმენტიც თავად მიიღოს. ევროპას სრულად შესწევს ძალა უკრაინა ისე გააძლიეროს, რუსეთს არ მისცეს საშუალება ომის წარმატებით დასრულების. სტრატეგიულ დონეზე ძალიან რთულია კონკრეტულად ვთქვათ, გამარჯვება და დამარცხება რა არის. მე რომ მკითხოთ, უკრაინა ამ ომში უკვე გამარჯვებულია. რა თქმა უნდა, ომი გრძელდება და ხალხი იღუპება, ომი უნდა დასრულდეს. რუსეთმა საკუთარი პოტენციალი რომ აღიდგინოს, ომის დასრულებიდან 6-დან 10 წლამდე სჭირდება. ეს ის პერიოდია, რომელშიც ევროპა უკრაინას უნდა დაეხმაროს და გააძლიეროს, რათა რუსეთს არ ჰქონდეს იმის თავი რომ უკრაინაზე ეს აგრესია გააგრძელოს.
– აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინას არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ის თავისი ტერიტორიების აღდგენას 2014 წლამდე სტატუს-კვოთი შეძლებს. გაჩნდა განცდა, რომ უკრაინის ორად გაყოფაზე მიდის საუბარი. რამდენად არის ეს შესაძლებელი და რისი დათმობა მოუწევს უკრაინას?
– ამას უკვე დიდი ხანია, ვამბობ, რომ ახლა უკრაინისთვის მთავარია ცეცხლის შეწყვეტა. ამიტომაც ცდილობს უკრაინა რაც შეიძლება რუსეთი შორს გააჩეროს. რუსეთს არ მისცეს საშუალება რომ ახალ-ახალი ტერიტორიები მიითვისოს. ალბათ, ეს უფრო კორეიზაციის მცდელობა იქნება. უკრაინა არ აღიარებს არც ომის დასრულებას, რადგან ცეცხლის შეწყვეტა ომის დასრულება არ არის. იმავეს იზამს რუსეთი და არც ის აღიარებს ომის დასრულებას. ყველაფერი გადავა იქით, რომ დიპლომატიის ფორმატში დაიწყოს დისკუსია. აქ ორივე მხარე ისევ ძალების მოკრებას შეეცდება. სულ ყარაბახის მაგალითი მომყავს, როცა აზერბაიჯანი თავის მომენტს 30 წელი ელოდა. რა იქნება 30 წლის შემდეგ რუსეთში, მამაზეციერმა არ იცის. ეს ის პერიოდია, როცა უკრაინა ინსტიტუციონალურად, როგორც ძლიერი ევროპული ქვეყანა, ისე უნდა ჩამოყალიბდეს. ეს იქნება უკრაინის ყველაზე დიდი გამარჯვება. ახლა ლუგანსკი-დონეცკის დაბრუნებას მე ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ და არ მგონია, ეს შესაძლებელი იყოს. იმავეს ვფიქრობ ყირიმზეც. ჩემი აზრით, ზაპოროჟიეს დაბრუნება უკრაინისთვის ყველაზე მომგებიანი იქნებოდა. თუმცა აქაც არ მაქვს მოლოდინი, რომ ეს მოხდება, ჯერ მაინც მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაა მნიშვნელოვანი.
– რუსეთიდანაც და აშშ-დანაც არაერთი განცხადება მოვისმინეთ უკრაინაში არჩევნების ჩატარების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ანალიტიკოსების ნაწილს მიაჩნია, რომ ეს ერთგვარად ორივე მხარის მხრიდან იმის მცდელობაა, რომ ზელენსკი თამაშიდან გაიყვანონ, რადგან მისი რეიტინგი უკრაინაში აღარ არის მაღალი და ის დიდი ალბათობით ვეღარ გაიმარჯვებს. რატომ გააქტიურდა არჩევნების თემა?
– ერთ რამეში ორივე მხარეს ვეთანხმები იმ მხრივ, რომ თუ არჩევნების გზით ზელენსკი შეიცვალა, ახალი ვინც მოვა, შესაძლოა, მასთან საუბარი უფრო მომგებიანი იყოს. ზელენსკიმ თავისი ნიშა დაიკავა, ის არის ომის გმირი და წარმატებული ჯარის მთავარსარდალი. ახლა მისი შეცვლა ვითარებიდან და პირობებიდან გამომდინარე, ცუდი არ იქნებოდა. თუმცა არჩევნები შესაბამის პირობებში უნდა ჩატარდეს. ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს, არჩევნები იმ ლტოლვილების მონაწილეობით უნდა შედგეს, რომლებიც ქვეყნიდან არიან გასულები. ეს აუცილებელი პირობაა, უბრალოდ კიევში არჩევნები ჩაატარონ, ეს არ იქნება ნორმალური.
– თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინის უსაფრთხოება, ამის გარანტიები ვინ უნდა აიღოს. ვიცით, რომ აშშ არ აპირებს თავისი სამხედროების გაგზავნას. ასევე ბევრმა ევროპულმა ქვეყანამაც ფრონტის ხაზზე საკუთარი ჯარისკაცების გაგზავნაზე უარი თქვა. ამხელა ფრონტის ხაზზე როგორ წარმოგიდგენიათ ე.წ. ცისფერ ჩაფხუტიანების განლაგება?
– დარწმუნებული ვარ, რომ ევროპა ჩაერთვება მოლაპარაკებებში და უკრაინა არ დაუშვებს თავად მათ გარეშე მოლაპარაკებას. ვხედავთ, რომ რამშტაინის შეხვედრას ბრიტანეთი ხელმძღვანელობს. ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამშვიდობოებისთვის ასი ათასი კაცია საჭირო. ვფიქრობ, რომ უკრაინის მთავარი უსაფრთხოების გარანტორი უკრაინის შეიარაღებული ძალებია. ევროპას შეუძლია ასი ათასი ჯარისკაცის მობილიზება, რომ ფრონტის ხაზზე განლაგდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ ევროპა უკრაინის შეიარაღებული ძალების გაძლიერებას შეძლებს, რომელსაც ჰაერიდან ევროპის საჰაერო ძალები უჭერენ მხარს. ისეთი ძალაა, რომელთანაც რუსეთი გარკვეული აქტიურობების გამომჟღავნებას ვერ შეძლებს. ერთადერთი უპირატესობა რაც რუსეთს აქვს, ეს არის ბირთვული უსაფრთხოება. თუმცა ასეთ შემთხვევაში ამერიკა გვერდით არ გადგება. ისეთი ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება ამერიკიდან, რომ მგონია ტრამპი რუსებს კარგი და ცუდი პოლიციელის როლს ეთამაშება.
– სახელდება გარკვეული რიცხვიც უკრაინის ომის დასრულების და დასავლურ მედიაში გაჩნდა ვერსიაც, რომ ეს ციფრი 9 მაისი იქნება. ტრამპმა თქვა, რომ ომი 100 დღეში უნდა დასრულდეს. რეალურად მიგაჩნიათ ეს პერიოდი ომის დასრულების?
– მოდით სიტყვა ომის დასრულება საერთოდ ხმარებიდან ამოვიღოთ ამ ეტაპზე, რადგან აქ საუბარია ცეცხლის შეწყვეტაზე. ეს არის უპირველესყოვლისა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომელიც სჭირდება, როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს. რიცხვებზე მიბმა არ მიყვარს და ფაქტი ერთია, რომ ომი არ დამთავრდება და მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება და დიდი ალბათობით ეს შესაძლოა, 9 მაისს მოხდეს.
ელზა პაპოშვილი