სამწუხაროდ, ისტორიული შეხვედრა ისტორიული შედეგით არ დასრულდა, – განაცხადა საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ თურქეთის ქალაქ ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების სერგეი ლავროვისა და დმიტრი კულებას შეხვედრის შესახებ.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ასეთი მოლაპარაკებები ჯარის გადაჯგუფებისათვის დროის გაყვანის მცდელობაა.
“სამწუხაროდ, ისტორიული შეხვედრა ისტორიული შედეგით არ დასრულდა. ლავროვი გაემიჯნა ბელარუსში დაწყებულ მოლაპარაკებებს რუსებსა და უკრაინელებს შორის. ყველა ეს შეხვედრა მიმდინარეობს იმისთვის, რომ უკრაინის მოსახლეობას ჩაუნერგოს მოლაპარაკებების უშედეგობა და კატასტროფის შეგრძნება. რუსეთი ამ შეჩერებას იყენებს თავისი ჯარების გადაჯგუფების მიზნით. არის მონაცემები, რომ ციმბირიდან, სირიიდან დაიძრა ძალები, ასევე არის ინფორმაცია, რომ სირიაში მოხალისეებს აგროვებენ, ამ პროცეს სჭირდება გარკვეული დრო, დაახლოებით 10 დღე. ეჭვი მაქვს, რომ ასეთი მოლაპარაკებები დროის გაყვანის მცდელობაა.
ასეთი აზრი დამრჩა, რომ ლავროვმა ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობით გარკვეული რევერანსი გაუკეთა თურქეთს, რომელიც იყო ინიციატორი ამ შეხვედრის და გარკვეული ცინიკური მიმართვა დასავლეთის მიმართ, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს თქვენი წუხილები, თქვენი მოთხოვნები, ჩვენ ვაგრძელევბთ ჩვენ ხაზს, ეს იგულისხმებოდა მთელ მის ცინიზმში“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.