რუსეთი ცდილობს, მოლაპარაკებების წინ ვლადიმერ ზელენსკი ფსიქოლოგიური და მორალური წნეხის ქვეშ ამყოფოს, – ამის შესახებ Front News-ს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, რუსეთი ოპერატიულ პაუზას ძალთა გადაჯგუფებისა და ხელახალი დარტყმისთვის მოსამზადებლად იყენებს.
“ჩემი მოსაზრებით, რუსეთი აშკარად იყენებს ამ ოპერატიულ პაუზას და ამ ვითომდა მოლაპარაკებების პერიოდს, ახდენს გადაჯგუფებას, ცდილობს ძალების მოკრებას, სხვადასხვა რაიონიდან გამოყავს შენაერთები.
ამავე დროს აგრძელებს უმოწყალო დაბომბვასა და დარტყმების განხორციელებას მშვიდობიან მოსახლეობაზე, რომ მოლაპარაკების წინ უკრაინის პრეზიდენტი დამატებითი წნეხის ქვეშ ამყოფოს.
ამ მოქმედებებით შეიარაღებულ ძალებსა და სამხედროებს პრობლემა არ ექმნებათ, მაგრამ მშვიდობიანი მოსახლეობის ასეთი დანაკარგი ფსიქოლოგიურ და მორალურ დიდ დატვირთვას იწვევს ხელმძღვანელში, ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
ვფიქრობ, ერთ შეტევას კიდევ განახორციელებს რუსეთი, უკრაინა თუ იმასაც მოიგერიებს, შემდეგ უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, თუ რა შინაარსის მოლაპარაკება შეიძლება შედგეს“, – განაცხადა კაპანაძემ. როგორც გენშტაბის ყოფილი უფროსი განმარტავს, რუსეთი ახლა ცდილობს მარიოუპოლი მაინც ჩაიგდოს ხელში და უკრაინა აზოვის ზღვას მოწყვიტოს.
“ახლა, როგორც ცნობილია, რუსეთმა გარკვეული მიმართულებიდან მოხსნა სამხედრო შენაერთები და გადმოიყვანა მარიუპოლის მიმართულებით. ეს არის მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის, რომ ბოლოსდაბოლოს ერთი ქალაქი მაინც აიღოს, ამით მოწყვიტოს უკრაინა აზოვის ზღვას. პაუზა ამაში მდგომარეობს, რომ ძირითადი დაწოლა გადმოიტანა დონეცკი-ლუგანსკის და მარიუპოლის მიმართულებით“, – განაცხადა კაპანაძემ.
ოდესის მიმართ განხორცილებულ შეტევასთან დაკავშირებით კი კაპანაძეც აცხადებს, რომ მოსალოდნელია ქალაქში საზღვაო დესანტის გადასხმა.
“რაც შეეხება ოდესის მიმართულებას, გემმა განახორციელა საცეცხლე დარტყმები, ეს ძალიან გავდა „ცეცხლით დაზვერვას“, რათა დაედგინათ სანაპირო დაცვის შესაძლებლობები. ზოგადად, ასეთი მოქმედებები კეთდება დესანტის გადმოსხმის წინ“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა.
მისივე თქმით, საქართველოს წინაშე გამოწვევები არ მცირდება და საჭიროა გააზრებული მოქმედებები.
“რას შეეხება საქართველოს წინაშე გამოწვევებს, კვლავ რჩება, რუსეთი გაიმარჯვებს თუ დამარცხდება უკრაინაში, საქართველოსთვის გამოწვევები არ მცირდება, მთავარია სწორი მოქმედება, სწორი გააზრება და გათვლა ყველა შესაძლო სცენარის, რომ საქართველომ არ დაუშვას, ეს გამოწვევა რეალურ საფრთხეში გადაიზარდოს“, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.