ტრამპი ნამდვილად ეცდება, რომ ეს მიმართულება მაინც მიიყვანოს ბოლომდე და შემდეგ ამაყად განაცხადოს, რომ მე ვარ ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს მშვიდობა მოუტანა, – ამის შესახებ გენშტაბის ყოფილმა უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპი ყოველთვის ცდილობს, იყოს დომინანტური.
“ტრამპისთვის ეს დამახასიათებელია, ის ცდილობს, რომ იყოს დომინანტი, პირველი. თუ დააკვირდებით, ხელის ჩამორთმევის დროს სულ თავისკენ ქაჩავს – აჩვენებს, ვინ არის აქ დიდი ბიჭი. იგივე მცდელობა იყო ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებთანაც, მაგრამ მათ ოდნავ ჩააცხრეს, უფრო რბილად გადაიყვანეს სწორ მიმართულებაში. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტრამპის მტერი არ არის პუტინი, ტრამპის მტერი არ არის ზელენსკი – მისი მტერი არის ბაიდენი. ის ჯერ კიდევ ებრძვის ბაიდენის გადადგმულ ნაბიჯებს. მე მაინც ვთვლი, რომ ტრამპი იძულებული გახდა, დაეცვა თავისი კაბინეტის და თავისი ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია, რომ დომინანტად გამოჩენილიყვნენ ამ შეხვედრის პირობებში.
პირველი, ვისაც ამ ცეცხლის შეწყვეტა სურს, არის ტრამპი, ვინაიდან, პიროვნული თვისებიდან გამომდინარე, მას უნდა რომ იყოს გამარჯვებული. მას გაცხადებული აქვს აღნიშნული და მისი პირადი ღირსების საკითხია, რომ მიაღწიოს თავის გაცხადებულ მიზანს.
ამ შემთხვევაში, ტრამპი ნამდვილად ეცდება, რომ ეს მიმართულება მაინც მიიყვანოს ბოლომდე და შემდეგ ამაყად განაცხადოს, რომ მე ვარ ადამიანი, რომელმაც მსოფლიოს მშვიდობა მოუტანა”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა დასრულდა, რის შემდეგაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობისთვის მზად არ არის.