კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენთან დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს და სააპელაციო სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. შეუძლებელია რაიმე სხვა დასკვნის გაკეთება, – ამის შესახებ Front News-თან კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ სააპელაციო სასამართლოს განაჩენთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს, მაღალი ალბათობით და პოლიტიკურმა პარტიებმა კი არ უნდა შეწყვიტონ პროტესტი იმ უკანონობის მიმართ, რაც მოხდა ამ არჩევნებზე.
“კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენთან დამოუკიდებელი სასამართლო არ არსებობს და სააპელაციო სასამართლომ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება. შეუძლებელია რაიმე სხვა დასკვნის გაკეთება. სასამართლომ თქვა, რომ ვერ ხედავს ფარულობის პრინციპის დარღვევას. რა შეიძლება, ვთქვათ – სასამართლო ან ბრმაა და ვერ ხედავს იმას, რასაც ყველა ხედავს, ან პოლიტიკური საფუძველი იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი.
ახლა დარჩა ერთი გამოსავალი – არასამთავრობო ორგანიზაციები მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოს, მაღალი ალბათობით და რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, მათ დარჩათ ის გამოსავალი, რომ არ შეწყვიტონ პროტესტი იმ უკანონობის მიმართ, რაც მოხდა ამ არჩევნებზე.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ფარულობა არ იყო ამ უკანონობის მიზეზი. ფარულობა გამოჩნდა, რომ ტოტალური იყო და ამის დამტკიცება ისეთივე მარტივი იყო, როგორც ორჯერ ორი ოთხია”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობოების სარჩელები არ დააკმაყოფილა. საქმე ეხებოდა ელექტრონული არჩევნების შედეგების გაბათილებას, კერძოდ, სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – “სამართლიანი არჩევნების”, საიას და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” საჩივრებს განიხილავდა.