spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ვახტანგ ხმალაძე – რაც უფრო გვიან გაიმართება არჩევნები, მით უფრო მძიმე იქნება მისი შედეგი, პირველ რიგში, ფაქტობრივი ხელისუფლებისთვის

საინტერესოა, ის, ვინც გეხმარება, სანაცვლოდ რას ითხოვს. როდესაც რუსეთზე და ჩინეთზეა საუბარი, ისინი სანაცვლოდ  სრულიად სხვა რამეს ითხოვენ. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი შემთხვევები ყოფილა და საქართველო რუსეთის მოთხოვნებს დათანხმებულა, – ამის შესახებ Front News-თან ინტერვიუში კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა.

– ბატონო ვახტანგ, საქართველოს უკვე ახალი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ჰყავს. როგორ შეაფასებდით მას?

– მიხეილ ყაველაშვილი არალეგიტიმურია, იმიტომ, რომ ის აირჩია საარჩევნო კოლეგიამ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ არალეგიტიმური პარლამენტის წევრები.

– საქართველოს ახალმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციის დღესვე მოაწერა ყველა იმ ახალ კანონს ხელი, რომელიც 13 დეკემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. რამდენად შესაძლებელია ამ დროში ყველა კანონის განხილვა და მისი ძალაში მოყვანა?

– ამ კითხვას თუ “ქართული ოცნების” წევრებს დაუსვამთ, ისინი გიპასუხებენ – რად უნდოდა წაკითხვა, პარლამენტმა მიიღო ეს კანონები და ყაველაშვილი ხომ პარლამენტის წევრი იყო და იცოდა, რა ეწერა ამ კანონებში, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ყაველაშვილს პარლამენტის წევრად ყოფნის დროსაც კი წაკითხული ჰქონოდა ის კანონები, რომელსაც ხმას აძლევდა.

– რაც შეეხება მიმდინარე მოვლენებს, როგორც ვხედავთ, პროტესტი გრძელდება, ხელისუფლება კი ხელახალი არჩევნების დანიშვნას არ განიხილავს. რას შეიძლება ველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები?

– ის ვარაუდი, რომელიც პროტესტის დაწყებისას გამოვთქვი, რომ პროტესტის ხარისხი გაძლიერდება და გაფართოვდება მეთქი – გამართლდა. მე არ მგონია, რომ პროტესტმა იკლოს. რამდენ ხანს გაუძლებს ფაქტობრივი ხელისუფლება ასეთ რეჟიმში ყოფნას, არ ვიცი. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ნებისმიერი ასეთი პროტესტის არსებობის დროს ქვეყანაში დგება პოლიტიკური კრიზისი. ასეთ პირობებში ცხოვრება, რაც ერთი თვის განმავლობაშია, უბრალოდ შეუძლებელი ხდება, რადგან ის არა მხოლოდ დისკომფორტს ქმნის, არამედ ეს მოქმედებს ქვეყნის განვითარებაზე. ყველა ზიანდება ასეთი მოქმედებით. ერთადერთი გამოსავალი ასეთ დროს არის ვადამდელი არჩევნები. აქაც ასე იქნება, კრიზისი სხვაგვარად ვერ გადაწყდება. ახალ არჩევნებს რა გამოიწვევს – ხელისუფლების დათმობა თუ ხელისუფლების იძულება, ეს სხვა საქმეა. მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – რაც უფრო გვიან გაიმართება არჩევნები, მით უფრო მძიმე იქნება მისი შედეგი, პირველ რიგში, ფაქტობრივი ხელისუფლებისთვის და მთელი მოსახლეობისთვის.

– მიმდინარე მოვლენები იქონიებს თუ არა უარყოფით გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე?

– გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისი სერიოზულ დარტყმას გამოიწვევს ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

– რამდენადაა შესაძლებელი, რომ ხელისუფლებას რუსეთის ან ჩინეთის დახმარება დასჭირდეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობები შეილახა?

– თუ ფაქტობრივ ხელისუფლებას რუსეთის იმედი აქვს, ეჭვი მეპარება დახმარებაში. რუსეთს თავისი გასჭირვებია. თუ ჩინეთის იმედი აქვს, მე ეჭვი მეპარება, რომ ჩინეთი დაეხმაროს.

– რუსეთის დახმარების შემთხვევაში, დგას თუ არა იმის საფრთხე, რომ სანაცვლოდ რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ.  სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარება მოითხოვოს საქართველოსგან?

– რასაკვირველია. საინტერესოა ხოლმე, ის, ვინც გეხმარება სანაცვლოდ რას ითხოვს. დემოკრატიული სახელმწიფოები ვისაც ეხმარებიან მათგან ითხოვენ, რომ დემოკრატიის ხარისხი და დონე გაზარდონ. თუმცა, როდესაც რუსეთზე და ჩინეთზეა საუბარი, ისინი სრულიად სხვა რამეს ითხოვენ ხოლმე. ისტორია გვიჩვენებს, რომ ასეთი შემთხვევები ყოფილა და საქართველო რუსეთის მოთხოვნებს დათანხმებულა. მაგალითად, მას შემდეგ, რაც აფხაზეთში პირველი ომი დაიწყო, მაშინ რუსეთი საქართველოსგან დსთ-ში შესვლას ითხოვდა. როდესაც საქართველოს პარლამენტში ეს საკითხი განიხილებოდა, დსთ-ში შესვლის მომხრეები ამბობდნენ, რომ თუ არ შეასრულებდა რუსეთის მოთხოვნას, მაშინ რუსეთი ჩვენ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს დაგვაკარგვინებს და უფრო მეტიც, მთლიანად საქართველოს ანექსიას მოახდენს ო, ამიტომ, უნდა შევიდეთ დსთ-შიო. უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ამას და შედეგად მივიღეთ ფაქტობრივად, დაკარგული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები