spot_img
spot_imgspot_img
spot_img

ვახუშტი მენაბდე – მთელი ეს საკანონმდებლო რეფორმები, რომელსაც “ოცნება” ატარებს, რამდენიმე მიზანს ემსახურება

“ქართული ოცნება“ ერთ-ერთი საარჩევნო დაპირების ფარგლებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების გაუქმების პროცედურებს იწყებს. საჩივრის საფუძველზე თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ხელისუფლების ძალადობით შეცვლისთვის დგამს ქმედით ნაბიჯებს, ის გაუქმებულად გამოცხადდება. ამას გარდა ამ პარტიაში მყოფ ადამიანებს, არც მომავალში მიეცემათ სხვა პარტიის დაფუძნების უფლება. “ქართული ოცნების“ ლიდერები ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და სუვერენიტეტს იცავენ და ამაში ანტიდემოკრატიულს ვერაფერს ხედავენ. ასევე ხელისუფლებამ მედიის შესახებ, FARA-ს ანალოგი და კიდევ სამი სხვა კანონი მიიღო. რატომ მიიღო „ოცნებამ“ საკანონმდებლო ცვლილებები და პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება? რა არის მისი მოქმედების მთავარი მიზანი? – ამ და სხვა საკითხებზე Front News-თან ინტერვიუში კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე საუბრობს.

– საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებით სასამართლომ გადაწყვეტილება სარჩელის შეტანიდან არაუმეტეს 9 თვეში უნდა მიიღოს, ხოლო საარჩევნო პერიოდში – 14 დღეში. პარტიის აკრძალვის ან თვითლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება სახელმწიფო ხაზინას გადაეცემა. “ქართული ოცნება” აპირებს, რომ ეს ცვლილება ერთხმად და დაჩქარებულად მიმდინარე სასესიო კვირაში მიიღოს. თქვენ როგორ ფიქრობთ, რეალურად აპირებს “ოცნება” ამ გადაწყვეტილების მიღებას, თუ ამას უბრალოდ პოლიტიკური მანევრისთვის აკეთებს?

– “ქართული ოცნებას“ ამის გაკეთების რესურსი ნამდვილად აქვს. ის საკონსტიტუციო სასამართლოს მშვენივრად აკონტროლებს, თანამდებობის გადანაწილებასაც შესანიშნავად ახორციელებს. ამიტომ მე ამაზე კითხვის ნიშანს არ დავსვამ შეძლებს თუ არა. თუ მოინდომეს რეალურად ამას გააკეთებს. მთავარია თავად  რამდენად პოლიტიკურად მიზანშეწონილად მიიღებს ამის გაკეთებს. საბოლოო შედეგი სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული. როგორც საჭიროდ ჩათვლიან, ისე იმოქმედებენ.

– თუმცა დამეთანხმებით, რომ არჩევნებისთვის “ოცნებას“ ოპოზიცია ნამდვილად სჭირდება. მით უმეტეს, დასავლეთიდან წამოსული ზეწოლის ფონზე, ეს მისი მხრიდან თვითლიკვიდაციის მცდელობა ხომ არ გამოვა. მაშინ ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც რეპრესიების შესახებ არგუმენტები ოპოზიციისთვის და პარტნიორებისთვის უფრო მყარი არ გახდება?

– კიდევ გავიმეორებ, გააჩნია „ოცნებას“ ეს რა სახის პოლიტიკურ ფასად დაუჯდება. კი ბატონო, ის შეხედავს სიტუაციას და თუკი ჩათვლის, რომ ეს არ იქნება მძიმე პასუხისმგებლობის საკითხი და პოლიტიკური ფასი არ იქნება დიდი, ის ამას გააკეთებს. ეს დამოკიდებული იქნება “ოცნების” გათვლაზე. ეს გათვლა შესაძლოა, გამართლდეს და შესაძლოა, არა. ეს იქნება ფაქტორი, რასაც ისინი აუცილებლად გაითვალისწინებენ. ხელისუფლება ამით მთლიანად ოპოზიციაზე კი არ იტყვის უარს, ამით პროქსი ოპოზიციურ ძალებს შექმნის. ეს იქნება კონსტრუქციული ოპოზიციის სახელის ქვეშ მყოფი ძალა, როგორიც მაგალითად “ხალხის ძალაა“. სწორედ არჩევნებში ასეთი სახის სხვა პარტიებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც როგორც ოპოზიცია, მხოლოდ სახელად იქნებიან. გააჩნია პოლიტიკური ველი როგორ გადალაგდება.

– “ოცნებამ“ 1 აპრილს მესამე მოსმენით მიიღო FARA, შეცვალა მედიის კანონი, ამოიღო „გენდერი“ და დააბრუნა “სამშობლოს ღალატის“ მუხლი. ამ 5 ახალი კანონით ხელისუფლება ამბობს, რომ რევოლუციის და ხელისუფლების დამხობის ალბათობა და რისკები შემცირდება. რეალურად რატომ გადაწყვიტა FARA-ს მიღება და რა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რის გამოც საკანონმდებლო ცვლილებები გადაწყვიტა?

– მთელი ეს საკანონმდებლო რეფორმები, რომელსაც “ოცნება” ატარებს, რამდენიმე მიზანს ემსახურება. პირველი მიზანი არის ის, რომ როგორმე ამ წინააღმდეგობის მოძრაობას გასაღები მოუძებნოს. სხვადასხვა ბევრი კანონით ბარიერები შექმნას, რომელსაც ეს წინააღმდეგობა და მის სათავეში მყოფი ადამიანები  ვერ გადალახავენ. ჯერჯერობით გამოჩნდა ის, რომ “ოცნება“ ამ “აგენტების კანონს“ ვერ ამუშავებს, ან საკმარისად ეფექტიანად ვერ იყენებს. სწორედ იმიტომ, რომ მესამე სექტორი ამას ძალიან ეწინააღმდეგება. მთავარი ახლა, რასაც ისინი აკეთებენ არის ის, რომ ყველასთვის მკაფიო გახადონ პოზიცია, ან იქნები მათ მხარეს, ან მოჰყვები ამ რეპრესიული კანონმდებლობის ქვეშ.  იქნება ეს არასამთავრობო სექტორი, აკადემიური წრე, მედია, აქტივისტი და ა.შ. ყველა სახის გასაღებს იღებს იმისთვის, რომ ყველა ჩვენგანის კარი გააღოს.

ეს არის “ოცნების“ მთავარი შეტყობინება. აქ არ აქვს მნიშვნელობა დეტალებში ჩასვლას რომელი კანონი რას მოიცავს და მუხლების მიხედვით რა რას ითვალისწინებს. მთავარი მომენტი აქ არის ის, რომ ვიღებთ შეტყობინებას, ან ჩემს მხარეს ხართ, ან დაისჯებით.

– ცესკომ მიიღო ასევე ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, როგორც არასამთავრობო სექტორი განმარტავს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე ნებისმიერ პირს, მიღებული ცვლილებით, ეკრძალება ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩვენების მოთხოვნა, მათ შორის, გამორთმევა. მოგვიანებით წერილობით უპასუხა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ განცხადებებს და “მანიპულირების მორიგი კამპანია” უწოდა. ცესკოს თანახმად “საარჩევნო კოდექსი ყოველთვის კრძალავდა ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას და/ან გამჟღავნებას”. მაშ რაშია პრობლემა, რა სახის გადაწყვეტილებაა ეს?

– ეს არის სწორედ ის გადაწყვეტილება, რომლითაც „ოცნება“ არჩევნებისთვის ემზადება. ეს იქნება რიგგარეშე თუ თვითმმართველობის არჩევნები, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს. “ოცნებას“ სჭირდება გამართული საკანონმდებლო ბაზა, რათა მან არჩევნების მანიპულაცია გაიადვილოს. ხოლო ამაზე მონიტორინგს ხელი შეუშალოს. შესაბამისად, ეს ცვლილებები ამ ჭრილში უნდა წავიკითხოთ. მე ვფიქრობ, რომ ლილუაშვილის მოხსნა და ეს სამთავრობო ცვლილებებიც სწორედ ამას უკავშირდება. არ ვიცი ზუსტად შიგნით რა ხდება და რატომ თქვა უარი შემდეგ ლილუაშვილმა ახალ სამინისტროში მუშაობის გაგრძელებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ აქ მზადება უკვე დაწყებულია  და ეს სამთავრობო როტაციაც სწორედ ამის ნიშანია.

– მოსამართლეების დასანქცირებაზე მინდა გკითხოთ. ჩინჩალაძე და მურუსიძე ახლა უკვე დიდი  ბრიტანეთის სანქციების ქვეშ მოექცნენ. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს არის მოსამართლეების დასაშანტაჟებლად გაკეთებული და სასამართლო სისტემაზე დასავლეთიდან ზეწოლა მიდის, რათა მისი ხელში ჩაგდება მოხდეს. პრემიერი ირაკლი კობახიძე მოსამართლეებსაც შეხვდა. როგორ ფიქრობთ, არსებობს თუ არა ხელისუფლებისთვის იმის საფრთხე, რომ  სანქციების ფონზე სასამართლოს შიგნით რღვევა დაიწყოს?

– რა თქმა უნდა, სანქციების შიში სხვა მოსამართლეებშიც არის და დიდი ბრიტანეთის სანქციები ასეთი მარტივი არ არის. სწორედ ამიტომ მიიღო ხელისუფლებამ გადაწყვეტილება, რომ ვინც სანქცირებული იქნება, მას სახელმწიფო უპატრონებს. არ მგონია ამწუთას იმაზე იყოს საუბარი, რომ მოსამართლეები გამოვლენ, საუბარს დაიწყებენ და აჯანყდებიან, უბრალოდ ეს რომ არ მოხდეს, სწორედ ამის პრევენციისთვის შეხვდა კობახიძე მოსამართლეებს. როგორც ჩანს, უშუალოდ გარანტიები კობახიძისგან მიიღეს, რომ რამე და დასანქცირდნენ, მათ გვერდით იქნება.

ელზა პაპოშვილი 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები