დრო არ ითმენს, ის საკითხები, რაზეც კატეგორიული საექსპერტო დასკვნები არ გვაქვს, ამ შუამდგომლობაში არ მოხვდება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილისათვის სასჯელის გადავადების მოთხოვნით სასამართლოს ორ დღეში მიმართავენ.
“ხვალ ალბათ, დღის ბოლოსთვის ყველაფერი იქნება თავმოყრილი და ზეგ შეიძლება ამის სასამართლოში შეტანა. ჩვენ ასე გადავწყვიტეთ, მოსახლეობამაც რომ იცოდეს, ის საკითხები, რაც დაუზუსტებელია და რაზეც კატეგორიული საექსპერტო დასკვნები არ გვაქვს, ამ შუამდგომლობაში არ მოხვდება, მაგალითად, ინტოქსიკაციის თემა გადაწყვეტილი გვაქვს, რომ არ მოხვდეს ამ მასალებში, რადგან არ გვაქვს მიღებული მტკიცებულება. როცა გვექნება, მაშინ შეიძლება დაემატოს, რადგან დრო არ ითმენს, ყოველი საათი, ყოველი დღე არის მიხეილ სააკაშვილისთვის საბედისწერო. ჩვენ ამის ფუფუნების დრო არ გვაქვს, რომ რაღაც მოტივით არ შევიტანოთ შუამდგომლობა სასამართლოში. დაუყოვნებლივ უნდა შევიტანოთ, თუ რამეს მოგვთხოვს სასამართლო მტკიცებულებას, წარვუდგენთ მას, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში მოლოდინში ვიყოთ, რომ რაღაც გვაკლია, ეს დრო ჩვენ ამოწურული გვაქვს“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.