“ქართული ოცნება“ ცდილობს პრეზიდენტს აჩვენოს, რომ მისი გადაყენების მექანიზმი, ან სრული პოლიტიკური იზოლაციის მექანიზმი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა მრჩევლმა, “საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” (GSAC) ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ იგივე პოლიტიკას აწარმოებდა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილის მიმართ.
“პრეზიდენტ მარგველაშვილის შემთხვევაში იყო პირდაპირი გაფრთხილება, რომ ის უნდა გაჩერებულიყო. შიდა აქტივობა მას უბრალოდ უნდა შეეწყვიტა და როდესაც ეტყოდნენ, მაშინ განეხორციელებინა ესა თუ ის. მიუხედავად პრობლემებისა, ჩვენ მაინც მოვახერხეთ ვიზიტები თურქეთში, საფრანგეთი იყო ეს, აზერბაიჯანი თუ პოლიონეთი, განვახორციელეთ სწორედ მეორე მხარის დაჟინებული მოთხოვნით, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მაშინდელმა პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ დაბლოკა. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილმა დაკარგა ეს გავლენები და კონტაქტები ივანიშვილთან, გამოიტანა კონფლიქტი გარეთ.
“ქართულმა ოცნებამ“ უპასუხა გუშინ და დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოშველიებით, ფაქტობრივად, ცდილობს, აჩვენოს, რომ თუ დასჭირდება, მისი გადაყენების მექანიზმი, ან სრული პოლიტიკური იზოლაციის მექანიზმი აქვს“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.