ხელისუფლებამ უარი თქვა დასავლურ და ევროპულ ინვესტიციებზე, თუმცა ეხმარება პუტინის რეჟიმს და რუსეთის ეკონომიკას, სანქციებს გვერდი აარიდოს, რის გამოც საქართველოს სახელმწიფო ინტერესი ზარალდება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასილ ურუშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება რუსული სანქცირებული კომპანიებისთვის მაშველი რგოლი გახდა
“მაშინ, როცა საქართველოს გაუჩნდა უდიდესი პერსპექტივა, შემოსულიყო დასავლური ინვესტიციები, დასავლური კომპანიები ევროკავშირიდან, შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რაც საქართველოში შექმნიდა სამუშაო ადგილებს, განავითარებდა ეკონომიკას, ადამიანები ემიგრაციაში არ წავიდოდნენ, სამსახურის საძიებლად, არამედ საკუთარ ქვეყანაში დასაქმდებოდნენ და იცხოვრებდნენ ოჯახის წევრებთან ერთად, თუმცა ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენ ეს პერსპექტივა ვერ გამოგვეყენებინა, მაგრამ ხელი შეუწყო რუსულ სანქცირებულ კომპანიებს საქართველოში ეწარმოებინათ თავისი ეკონომიკური საქმიანობა, თავი აერიდებინათ სანქციებისთვის.
ფაქტობრივად, ივანიშვილის ხელისუფლება გახდა მაშველი რგოლი რუსული სანქცირებული კომპანიებისთვის, რუსი სანქცირებული ოლიგარქებისთვის, მათ უკანა ეზოდ ვიქეცით, რაც ხელს არ უწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, არც სამუშაო ადგილებს ქმნის, უბრალოდ ჩვენ ვეხმარებით პუტინის ტერორისტულ რეჟიმს, რუსულ ეკონომიკას, თავი აარიდოს დასავლურ სანქციებს და აწარმოოს თავისი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოს გამოყენებით, რის გამოც ზარალდება საქართველოს სახელმწიფო ინტერესი, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უმძიმეს ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობენ, მათ უწევთ ქვეყნიდან გადახვეწა შემოსავლის საძიებლად“, – განაცხადა ურუშაძემ.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევის თანახმად, საქართველოში რუსული კომპანიების რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.