“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ და მათმა პარლამენტარებმა ვერ მოახერხეს და ვერ შექმნეს უკეთესი ცხოვრება საქართველოს მოქალაქეებისთვის. ისინი ფიქრობენ გამდიდრებაზე, საკუთარ კომფორტზე, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ვასო ურუშაძემ განაცხადა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლებამ და მათმა პარლამენტარებმა ვერ მოახერხეს და ვერ შექმნეს უკეთესი ცხოვრება საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვერც დამატებითი სამუშაო ადგილები, ვერც სოციალური პირობები, ვერც ბავშვთა უფასო კვების პროგრამა უზრუნველყვეს სკოლებში. რეალურად, ყველა ის გამოწვევა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, არის კვლავ მოუგვარებელი, თუმცა ისეთი ფუფუნების და კომფორტის საგნები, როგორიც არის ძვირად ღირებული ავტომობილი, საწვავი, მათთვის ხელფასების გაზრდა – ეს არის ის ამოცანა და მიზანი, რომელიც აქვთ რეალურად ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებს. ისინი ფიქრობენ გამდიდრებაზე, საკუთარ კომფორტზე და ახლა სჭირდებათ ახალი ავტომობილები, რომელსაც ყიდულობენ იმ ფულით, რომლითაც მაგალითად შეგვეძლო მოგვეგვარებინა ბავშვთა უფასო კვების პროგრამა”, – განაცხადა ვასო ურუშაძემ.
პარლამენტის აპარატი მომავალი მოწვევის პარლამენტისთვის ახალ ავტომობილებს ყიდულობს. როგორც პარლამენტის აპარატი განმარტავს, მის ბალანსზე არსებული ავტომობილები ამორტიზებულია და მათი ჩანაცვლება ჰიბრიდული ავტომობილებით მოხდება. გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 712 230 ლარია, საიდანაც თავად ავტომანქანების ღირებულება დაახლოებით, 5 557 800 ლარს შეადგენს, ხოლო დარჩენილი თანხა – 1 154 430 ლარი წარმოადგენს 5-წლიან საგარანტიო პერიოდზე გათვლილ მომსახურების საპროგნოზო ჯამურ ხარჯს.