ვატიკანმა პროტოკოლი დაარღვია, როდესაც უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის რომის პაპის დაკრძალვაზე წინა რიგში ადგილი დაუთმო, – ამის შესახებ The Telegraph წერს.
როგორც წესი, მსოფლიო ლიდერების ადგილები ანბანის მიხედვით ნაწილდება ფრანგულ ენაზე, რომელიც დიპლომატიის ტრადიციული ენაა, რაც უკრაინის პრეზიდენტის მესამე რიგში ან თუნდაც მის უკან ჯდომას ითვალისწინებდა, თუმცა ამჯერად ვატიკანმა გამონაკლისი დაუშვა და უკრაინის პრეზიდენტს და პირველ ლედის ადგილი პირველ რიგში დაუთმო.
გამოცემის ცნობით, ზელენსკის და ტრამპს შორის ხანმოკლე შეხვედრის შემდეგ, რომელიც ოვალურ კაბინეტში შეხვედრის შემდეგ პირველი იყო, უკრაინის ლიდერმა წმინდა პეტრეს მოედანზე სპონტანური აპლოდისმენტები დაიმსახურა.
“ზელენსკისთვის გამოყოფილი ადგილი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ყურადღებას, რომელიც მას ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დაეთმო.
ვატიკანმა, სავარაუდოდ, სპეციალური ზომები მიიღო იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერების ყურადღების ცენტრში ყოფილიყო, ტრადიციული პროტოკოლის წესების მიუხედავად”, – წერს The Telegraph.
ვატიკანმა არ უარყო, რომ პროტოკოლის წესები დაირღვა.
აღსანიშნავია, რომ წესები მკაცრად იყო დაცული სხვა დამსწრე პირებისთვის.
დღეს, 26 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკი ვატიკანში ჩავიდა, რათა რომის პაპ ფრანცისკეს გამოსამშვიდობებელ ცერემონიაში მიეღო მონაწილეობა. უკრაინის პრეზიდენტის გარდა, რომში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერიც შეიკრიბა.
ვიზიტის დროს ზელენსკიმ უკვე გამართა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა საერთაშორისო ლიდერებთან.
კერძოდ, ის შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ტრამპთან საუბარს კი „ძალიან სიმბოლური“ უწოდა.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტი ასევე შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს და იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის.