უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბრიუსელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროკავშირს უკრაინის “კოლონიზაცია“ სურს.
“ბრიუსელის იმპერიას არ სურს უკრაინის დახმარება, არამედ – მისი კოლონიზაცია. ევროპის მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ომი, იმის მიუხედავად, თუ რა ჯდება ეს. სანაცვლოდ, ისინი მიიღებენ სწრაფად გაწევრიანებას კავშირში, ჩვენი ფულით. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეგვიძლია, გვქონდეს: კავშირი, მაგრამ უკრაინის გარეშე“, – განაცხადა ორბანმა უნგრეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, გამოსვლაში ორბანმა აღნიშნა, რომ დროა, განადგურდეს იმ არასამთავრობოების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ჩრდილოვანი არმია, რომლებიც ანაზღაურებას აშშ-დან და ბრიუსელიდან იღებენ.
ვიქტორ ორბანი გეგმავს, გაამკაცროს კონტროლი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებზე, რომლებიც დაფინანსებას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID) და ჯორჯ სოროსისგან იღებენ.