ძირითადი შეტევა მიტანილი იყო სწორედ იმ იურისდიქციაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილს რეალურად აქვს ფინანსური აქტივი, აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ სადმე სახვაგან, სანქციების სახით, ან სამართლებრივი სანქციის, ან ფაქტობრივი შეზღუდვების სახით, ბიძინა ივანიშვილის უფლებების შებოჭვა მოხდება, თავიდანვე საფუძველს მოკლებულია, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფიანმა ჟურნალისტებს შვეიცარულ ბანკთან მიმდინარე დავაზე საუბრისას განუცხადა.
მისი თქმით, რეალურად, ბიძინა ივანიშვილი არ იმყოფება რომელიმე სამართლებრივი აქტით ამოქმედებული სანქციების ქვეშ, მაგრამ მისი, როგორც ბენეფიციარის უფლებების შეზღუდვა მიანიშნებს, რომ საქმე ეხება ფაქტობრივ სანქციებს.
“ვსაუბრობთ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ორ საკითხზე. ერთი მიმდინარეობს ბერმუდასა და სინგაპურში, ეს არის იმ თანხასთან დაკავშირებული, რომელიც ბანკის მხრიდან სერიოზული დარღვევების შედეგად კლიენტმა იზარალა და შესაბამისად, ჩვენ ვდაობთ ამ თანხის დაბრუნებაზე. ამაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენი წარმატებით დასრულდა, ველოდებით პროცესის გაგრძელებას უკვე აპელაციის ფარგლებში. თემა, რომელიც ჩვენ გავაჟღერეთ განცხადებაში, აბსოლუტურად დამოუკიდებელია და სწორედ ის იწვევს ჩვენს გაკვირვებას, რომ საუბარი არის სხვა ფინანსურ აქტივებზე, რომელიც ერთ-ერთი სატრასტო კომპანიის მართვაშია. ჩვენს გაკვირვებას იწვევს სწორედ ის, რომ ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების, ყოველგვარი მყარი ფაქტობრივი გარემოების გარეშე ბატონ ივანიშვილს შეეზღუდა ამ აქტივებზე წვდომა და მათი განკარგვა. სწორედ ამიტომ, ვიყენებთ სიტყვათწყობას „ფაქტობრივი სანქციები“. ჩვენ რეალურად გვაქვს ისეთი ვითარება, როდესაც ბატონი ივანიშვილი არ იმყოფება რომელიმე სამართლებრივი აქტის გამოისობით ამოქმედებული სანქციების ქვეშ, მაგრამ რეალურად სწორედ შებოჭვა მისი უფლებების განხორციელებაში, როგორც ბენეფიციარისა, ჩვენ მიგვანიშნებს, რომ საქმე გვაქვს ფაქტობრივ სანქციებთან. ჩვენ გამოვთქვამთ გაკვირვებას ამ შეზღუდვების დასაბუთებულობასთან მიმართებაში და ვაცხადებთ პირდაპირ, რომ არავითარი დასაბუთება ამ შემთხვევაში არ არის და ვსვამთ კითხვას, ვის ინტერესებში შეიძლება იყოს ასეთი შეზღუდვები, რას ისახავს ეს მიზნად და რა შეიძლება, ამის გაგრძელება იყოს.
ჩვენ მივიღეთ ისეთი ვითარება, როდესაც ამ ფაქტობრივი შეზღუდვების განმახორციელებელი აღმოჩნდა მსოფლიოში ცნობილი გლობალური ფინანსური ინსტიტუტი. ნებისმიერ გლობალურ ინსტიტუტს აქვს შესაძლო კვეთა პოლიტიკურ ინტერესებთან, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი მინიშნებაა. ჯერჯერობით ამაზე შორს არ მივდივართ და ჩვენ ამაზე შორს თუ წავედით სხვა ფაქტების დასახელების მიზნით, ამაზე ბატონი ივანიშვილი თავად ისაუბრებს. ვისაც აქვს მოლოდინი, როდესაც არაჯანსაღი აჟიოტაჟია ატეხილი, რომ ეს ფაქტობრივი შეზღუდვები გავრცელდება, გაფართოვდება და ამაში შეიძლება, ბანკის გარდა ჩაერთონ სხვა აქტორები, სახელწიფო თუ არასახელმწიფო, მინდა, მათ იმედები გავუცრუო. იერიში და ძირითადი შეტევა იქნა მიტანილი სწორედ იმ იურისდიქციაზე, სადაც რეალურად ივანიშვილს აქვს ფინანსური აქტივი. სხვაგან სადმე ივანიშვილს ფინანსური აქტივი არ აქვს. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ სხვაგან სადმე ან სანქციების, ან სამართლებრივი სანქციის, ან ფაქტობრივი შეზღუდვების სახით მისი უფლებების შებოჭვა მოხდება, თავიდანვე საფუძველს მოკლებულია. ივანიშვილს აქტივები აქვს საქართველოში, საქართველოში რაიმე შეზღუდვებზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია.
ივანიშვილს, როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, აქვს საცხოვრებელი საფრანგეთში და იქაც რაიმე შეზღუდვაზე საუბარი, ჩვენი აზრით, გამორიცხულია. ვინმეს თუ ინფორმაცია აქვს, რომ სადმე, გარდა გენზის იურისდიქციისა, სადაც ის ტრასტი არის განთავსებული, აქვს რაიმე ფინანსური აქტივი და შესაძლებელი არის, ვინმე რაიმეს მოლოდინში იყოს, რომ იმ ფინანსურ აქტივებთან მიმართებაში განხორციელდება რაღაც შეზღუდვები, გაგვიზიაროს ჩვენ ინფორმაცია. იმდენად, რამდენადაც ვარ ივანიშვილის ადვოკატი, მაქვს ინფორმაცია მის ფინანსურ აქტივებზე, ფულის მოძრაობაზე და შესაბამისად, შემიძლია აბსოლუტურად დამაჯერებლად გითხრათ, რომ დარტყმა იყო იმ მისამართით და იმ წყაროს მიხედვით, სადაც ფინანსური აქტივი ფაქტობრივად არის. ერთ-ერთ განცხადებაში ასევე ვახსენე, რომ ჩვენ გვქონდა ერთჯერადი სახის პრობლემა ლონდონსა და ნიუ იორკში, რომელიც მოგვარდა სამართლებრივი პროცედურების გამოისობით. სხვა პრობლემის წინაპირობა სადმე, რომელიმე სხვა ქვეყანაში, ან რომელიმე სხვა იურისდიქციაში ჩვენ არ და ვერ შეიძლება, გვქონდეს. არსად სხვაგან ჩვენ რაიმე ფინანსური აქტივი ან რესურსი ფიზიკურად არ გვაქვს. ჩვენ მოწმენი ვართ ამ იერიშის მიტანისა სწორედ იქ, სადაც რეალურად აქტივი ფიზიკურად ფაქტობრივად მოცემულია“, – განაცხადა ყიფიანმა.
ჟურნალისტებმა ასევე ვიქტორ ყიფიანს კითხვა დაუსვეს, რა შეიცვლება ივანიშვილისთვის, რა შეზღუდვები გავრცელდება მასზე, თუ ოფიციალური სანქციები დაუწესდება.
“მთავარია, რომ ბატონი ივანიშვილის მიდგომა საკითხისადმი არ არის ამოვარდნილი კალაპოტიდან და ის ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს, იმ საჭირო ხარისხის მედეგობას, რაც ჩვენს იურიდიულ გუნდს გვაძლევს საშუალებას, რომ მივყვეთ ამ საქმეს თანმიმდევრულად და ყველა პრობლემა გადავწყვიტოთ ასევე თანმიმდევრულად და სამართლის პროცედურებით. ეს არის მთავარი დასკვნა, რაც შეიძლებ ჩვენ გამოვიტანოთ. სხვა მხრივ ფაქტობრივი გარდაისახება სამართლებრივში თუ არა, ეს ამ მოცემულობაში ჩემთვის პირადად, მეორეხარისხოვანია“, – განაცხადა ადვოკატმა.