“ქართული ოცნების” დეპუტატი ვლადიმერ ბოჟაძე ყოფილ პრემიერს გიორგი გახარიას პროვოკაციაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, სასტუმრო “შერატონში“ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომლებიც აუცილებლად ობიექტურ დასკვნას დადებს.
ბოჟაძემ სასტუმროში მისი კოლეგის დიტო სამხარაძის გაღიზიანება ქართული ხასიათით ახსნა გახარიას კი პროვოკატორი უწოდა.
“პოლიციას უკვე ამოღებული აქვს კადრები, “შერატონმა“ ყველა კადრი გადასცა. მიმდინარეობს გამოძიება და დაველოდოთ, თუმცა ყველამ ნახა ის კადრები, რომელიც გავრცელდა, სადაც დიტო სამხარაძე მიმართავს ცნობს თუ არა და ახსოვს თუ არა გახარიას და რა რეაქცია ჰქონდა ამაზე გახარიას, ყველამ დავინახეთ. მერე რა მოჰყვა დიტო სამხარაძის მხრიდან ისიც ყველამ ვნახეთ. ძალადობა არის მიუღებელი და ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ადამიანების შეურაცხყოფა, დაბულინგება მოსამართლეების, პოლიციელების, რეაქციის გარეშე ვერ დარჩება. იცის ყველამ ქართული ხასიათი, ამიტომ ეს შეიძლება პროვოკაციაც კი იყო. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ვინ დაიწყო პირველი ძალადობა, კადრებში კარგად ჩანს“, – განუცხადა Front News-ს ბოჟაძემ.
რაც შეეხება აბუ-დაბიში მომხდარ ინციდენტს, ბოჟაძის თქმით, იქაც მიმდინარეობს გამოძიება, რაშიც მისი კოლეგები აქტიურად არიან ჩართული და ისინი ქვეყანაში მალე დაბრუნდებიან.