“ქართული ოცნების“ დეპუტატის ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, ყველანაირი დასკვნა არსებობს, რომ არჩევნები არ გაყალბებულა, ამიტომ მისი თქმით, ოპოზიცია აქციებისთვის ტყუილად ირჯება, რადგან აქციის მონაწილეთა მოთხოვნები “უსამართლო და უსაფუძვლოა”.
“ევროსაბჭო მონიტორინგის ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. მათი მთავარი ამოცანაა, შეისწავლონ ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული სიტუაცია. ისინი შეხვდნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, შს მინისტრს, ასევე შეხვდებიან პრემიერ-მინისტრს. ექნებათ რეალური სწორი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ ოპოზიციისგან განსხვავებით. ასე რომ, დაველოდოთ რა ანგარიში მომზადდება და გამოქვეყნდება“, – განუცხადა Front News-ს ბოჟაძემ.
რაც შეეხება აქციებს, ბოჟაძის თქმით, აქციის მონაწილეთა მოთხოვნები უსამართლოა და ხელისუფლება მათ გათვალისწინებას არ აპირებს.
“არჩევნების თარიღი დანიშნულია საქართველოს კონსტიტუციით, ამიტომ ჩატარდება დადგენილ ვადებში. რაც შეხება აქციებს, ეს არის პოლიტიკური და აქვთ უსაფუძვლო და უსამართლო მოთხოვნები. ნახეთ ეუთოს დასკვნა, პროკურატურის ანგარიში მოვისმინეთ, ასევე სახალხო დამცველის პოზიცია. ოპოზიციამ კი უკვე 3 თვეა, ამის ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, ამიტომ ამაზე საუბარი წესით აღარ უნდა იყოს, თუმცა ეს მათი საქმეა. კარგი იქნება თუ მშვიდობიანი იქნება აქციები, რადგან ყველამ ნახა, როგორც კი ჩვენ დავაანონსეთ საპარლამენტო კომისიის შექმნა, თბილისში და ბათუმში აქციების რადიკალიზაცია დაიწყო განსხვავებით იმისგან, რაც მანამდე იყო. ყველას მინდა, ვთხოვო, დარჩე კანონის ფარგლებში და ისე გამოხატონ საკუთარი პოზიციები და მოთხოვნები.
პარლამენტი თებერვალში დაიწყებს მუშაობას და გავაგრძელებთ ჩვენი ვალდებულების შესრულებას, რაც მოქალაქეების წინაშე გვაქვს აღებული“, – განაცხადა ბოჟაძემ.