აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ ტერაქტის ბრალდებით დაკავებული ვოვა არუთინოვი სტატუსის და საპატიმრო დაწესებულების შეცვლას ითხოვს.
აღნიშნული თხოვნით მან პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს რატი იონათამიშვილს მიმართა. მან ციხის ადმინისტრაციასთან უშუამდგომლა და პატიმრის საქმის გადახედვა მოითხოვა. საქმეზე სასამართლო დღეს გაიმართა.
მისი უფლებადამცველის გელა ნიკოლეიშვილის განცხადებით, მსჯავრდებული რისკის დონის შეცვლას ითხოვს.
“მსჯავრდებული რისკის დონის შეცვლას ითხოვს. არსებობს დაბალი, საშუალო, მომატებული და მაღალი. მას აქვს მაღალი რისკის დონე შეფარდებული, ამიტომ, ეს დონე ყველაზე შეზღუდულია. ის ადასტურებს, რომ არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ მას მაღალი რისკი ჰქონდეს, ვინაიდან, სოციალურ პროგრამებში იღებს მონაწილეობას – განათლებაში, კომპიუტერი, ხეზე კვეთა, ამზადებს პროდუქციას და რაღაც საიდუმლო დოკუმენტების საფუძველზე, რომელსაც არც ჩვენ გვაცნობენ და არც მას, ამბობენ, რომ უნდა ჰქონდეს მაღალი რისკი.
მიმართა რატი იონათამიშვილს, რომ დაეხმაროს რისკის დონის შეცვლაში და სამეურვეო სამსახურში დავიწყო მუშაობაო. იონათამიშვილმა გადაუგზავნა დეპარტამენტის დირექტორს და მას უპასუხეს, რომ სამეურვეო სამსახურში მაღალი რისკი არ ითვალისწინებს სამეურვეო სამსახურს”, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა.
განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებული არუთინოვი სასჯელს რუსთავის მე-6 დაწესებულებაში იხდის.
ვოვა არუთინოვი 2005 წლის 20 ივლის დააკავეს. სამართალდამცველების ცნობით, 2005 წლის 10 მაისს ვოვა არუთინოვი ტერაქტის მოწყობით თბილისში ჩამოსული აშშ–ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის მოკვლას აპირებდა. მისი დაკავების სპეცოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. მან შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცველებს, რის შედეგადაც დაიღუპა შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული დეპარტამენტის განყოფილების უფროსი ზურაბ ქვლივიძე. არუთინოვს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.