“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოინახულა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ეს კიდევ უფრო უარესდება, რადგან შესაბამისი სამკურნალო პროცედურები არ უტარდება.
“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის შერყეული, მას პრაქტიკულად არ უტარდება არანაირი მისთვის აუცილებელი საჭირო სამედიცინო პროცედურები, რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეესაბამება, მაგრამ მორალურად არის ძალიან მხნედ. ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე, აქვს კონკრეტული გეგმები და კონკრეტული ხედვები.
ყოველი დღე, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ატარებს საპატიმრო დაწესებულებაში არის დანაშაული, როგორც საქართველოს წინაშე, ასევე უკრაინის წინაშე. ამ პროცესებში, რა თქმა უნდა, მიხელ სააკაშვილს შეუძლია ძალიან დიდ როლის თამაში და ძალიან დიდი წვლილის შეტანა”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.