ხალხმა გაყალბების საშუალება არავის უნდა მისცეს, ახლა არის საქართველოს ისტორიაში მართლა გადამწყვეტი არჩევნები, – ამის შესახებ “ჭავჭავაძის ცენტრის” დამფუძნებელმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოქალაქეები მზად უნდა იყვნენ რეალური სცენარისთვის, რომ შესაძლოა, არჩევნები გაყალბდეს.
“ახლა, ვინაიდან, კუთხეშია მომწყვდეული ვირთხასავით და ვინაიდან მის უკან მარტო ავტორიტარული რეჟიმები და პირველ რიგში, ჩვენი მტერი რუსეთი დგას, იძახის, რომ გაიმარჯვებს და ყველას დახურავს – ტელევიზიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, ოპოზიციას და ყველას.
ასევე, მაბრაზებს, როცა ამბობენ, რომ არჩევნებს ვერ გააყალბებენ. რატომ ვერ გააყალბებენ? რა შეუშლით ხელს? სინდისი? ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რაც მიმართულია იქითკენ, რომ რაღაც თეორიული ციფრი დაწერონ. სწორედ აქედან უნდა დავიწყოთ მზადება და არა მიამიტი პოზიციიდან, რომ ვერ გააყალბებენ. მინახავს ოპოზიცია, რომელიც ამბობდა, რომ თავს შეაკლავდა და არ გააყალბებინებდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ხალხმა გაყალბების საშუალება არავის არ უნდა მისცეს. ახლა არის საქართველოს ისტორიაში მართლა გადამწყვეტი არჩევნები. ეს არის რუსეთ-საქართველოს არჩევნები. იქით არიან რუსები და ადამიანები, რომლებმაც მიიღეს გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რომ ისინი კორუფციის სანაცვლოდ საკუთარ შვილებს და საკუთარ მომავალს მოპარავენ, აქეთ კი არის ყველა – ქართველი ხალხი. ჩვენ რეალური სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად”, – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.