უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთში ნავალნის გარდაცვალება მხოლოდ ადასტურებს, რომ პუტინი მკვლელია და ხალხმა, ვინც მას ხმას მისცემს, უნდა გაიგონ, რომ მკვლელს ირჩევენ.
“თქვენთან ერთად ვხედავთ, რომ მკვლელი არჩევნებში მონაწილეობს. ადამიანებმა, ვინც მას ხმას მისცემენ, უნდა გაიგონ, რომ მკვლელს აძლევენ ხმას და თავიანთ პრეზიდენტად მკვლელს აირჩევენ. ადამიანებმა, რომლებსაც დღეს ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ ამ კაცთან, უნდა იცოდნენ, რომ ლიდერობის დონის მიუხედავად, სისხლიან ფულს შოულობენ, რადგან მკვლელთან აქვთ კონტრაქტები”, – განაცხადა ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ლიდერები, რომლებიც არჩევნების შემდეგ მიესალმებიან პუტინის არჩევას, უნდა იცოდნენ, რომ მათ მკვლელის ლეგიტიმაცია მოახდინეს.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 თებერვალს გაავრცელა.
ინფორმაციას რუსეთში პროტესტი მოჰყვა. რუსული უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, სტიქიური აქციები რუსეთის რვა ქალაქში გაიმართა და პოლიციამ მოქალაქეები დააკავა მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, კრასნოდარში, ტვერში, ტაგანროგში, ნიჟნი ნოვგოროდში, როსტოვსა და მურმანსკში. დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.