უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ FOX News-თან ინტერვიუში ისაუბრა კიევის მზადყოფნაზე გააფორმოს შეთანხმება ამერიკის შეერთებულ შტატებთან მინერალური რესურსების შესახებ. ის დარწმუნებულია, რომ შესაბამის შეთანხმებას მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ.
ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის ლიდერ დონალდ ტრამპთან და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან კამათის შემდეგ გააკეთა.
”ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ეს იქნება პირველი ნაბიჯი უსაფრთხოების გარანტიებისკენ”, – განუცხადა მან FOX News-ს.
ზელენსკიმ ასევე უპასუხა შეკითხვას, შეძლებს თუ არა უკრაინა გადარჩენას აშშ-ის დახმარების გარეშე.
“თქვენი მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენი ღირებულებების დაკარგვა არ შეგვიძლია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
შემდეგ ნაბიჯებზე საუბრისას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ს სურდა ეს შეთანხმება.
“ჩვენ არ ვართ ამ შეთანხმების წინააღმდეგი, მაგრამ გვინდა გავიგოთ, რა ადგილს დაიკავებს უსაფრთხოების გარანტიები ამ შეთანხმებაში. ვფიქრობ, მინისტრებმა ხელი უნდა მოაწერონ ამ შეთანხმებას, არ ვიცი, როდის გააკეთებენ ამას. ეს ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.