უკრაინის გამორიცხვა აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებიდან ომის დასასრულებლად “ძალიან საშიში” იქნება. კიევმა და ვაშინგტონმა უნდა გააგრძელონ მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემუშავებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიყვანოს სანქციებით რუსეთის ენერგეტიკისა და საბანკო სისტემების მიმართ და უკრაინის სამხედროების მხარდაჭერის გაგრძელებით.
”ვფიქრობ, ეს არის დაუყოვნებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები”, – აღნიშნა მან.
უკრაინის პრეზიდენტის კომენტარები მოჰყვა ტრამპის კომენტარს, რომელმაც პარასკევს განაცხადა, რომ ამერიკელი და რუსი ოფიციალური პირები “უკვე საუბრობენ” ომის დასრულებაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისმა ადმინისტრაციამ რუსეთთან “ძალიან სერიოზული“ დისკუსიები გამართა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია რა.
“მათ შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი ურთიერთობები, მაგრამ უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე საშიშია ყველასთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გუნდი კონტაქტშია ტრამპის ადმინისტრაციასთან, მაგრამ ეს დისკუსიები მიმდინარეობს “ზოგად დონეზე” და სჯერა შემდგომი პირადი შეხვედრების უფრო დეტალური შეთანხმებების შესამუშავებლად.
“ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ ამაზე. ტრამპი, გასაგები მიზეზების გამო, ინაუგურაციის შემდეგ პირველ კვირებში საშინაო საკითხებზე იყო ორიენტირებული”, – აღნიშნა ზელენსკიმ.