უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა იმაზე რთული და ნელია, ვიდრე ყველა მოელოდა. უკრაინელი მცველების თვალში დაღლილობაა, რუსები კი – შიში. ინიციატივა ჩვენს მხარეზეა, მაგრამ მომთმენები უნდა ვიყოთ, თუ გამარჯვება გვინდა, – ამის შესახებ LA NACION-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“კონტრშეტევა კომპლექსურია. პროგრესი, ალბათ, უფრო ნელია, ვიდრე ზოგიერთს სურს ან წარმოუდგენია. ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია, რადგან ფრონტის ზოგიერთ მონაკვეთზე არის ნაღმები, ზოგზე კი სხვა გართულებები… ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ დიდი ხანი, მიმართულებების შესახებ, იმის შესახებ, თუ რა არის სწორი და რა არა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “კონტრშეტევა არის არმიის შეტევა და არა გაყვანა“ და ეს მნიშვნელოვანი დადებითი ასპექტია, რადგან ინიციატივა უკრაინის ხელშია.
“ძალიან რთულია ამდენი ხნის განმავლობაში ბრძოლა. აბსოლუტურად გასაგებია. ძალიან რთულია, როცა არ გაქვს საკმარისი იარაღი. ეს ყველაფერი ძალიან რთულია. იმიტომ, რომ ეს ომია. ჩვენს თვალებში დაღლილობაა, მაგრამ მათ (რუსების) თვალებში შიშია და ეს ორი განსხვავებული რამაა. მოგვიწევს ატანა. რა ვთქვა, უნდა ვიყოთ მომთმენები, თუ გამარჯვება გვინდა. და ჩვენ ეს გვინდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთს, უკრაინისგან განსხვავებით, შეუძლია ამ ომის დასრულება უფრო სწრაფად, ზედმეტი მსხვერპლის გარეშე, ამისთვის ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორია უნდა დატოვონ.
“უკრაინა არ აპირებს ომის გაგრძელებას რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ეს არასდროს ყოფილა ჩვენი მიზანი. ჩვენ მხოლოდ საკუთარ ტერიტორიებს ვათავისუფლებთ. ისინი უნდა წავიდნენ, ჩვენ არა, რადგან ეს ჩვენი ერთადერთი მიწაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.