დონეცკის რეგიონში, კოსტიანტინივკაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დონეცკის ოლქის ქალაქ კოსტიანტინივკაში რუსი ტერორისტების არტილერიამ 16 ადამიანი მოკლა. ჩვეულებრივი ბაზარი. მაღაზიები. აფთიაქი. უდანაშაულო ადამიანები. ბევრი დაშავებულია. სამწუხაროდ, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი შეიძლება კვლავ გაიზარდოს”, – წერს ზელენსკი.
პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა ყველას, ვინც ახლობლები დაკარგა.
“როდესაც მსოფლიოში ვინმე ჯერ კიდევ ცდილობს რაიმე რუსულთან საქმის დაჭერას, ეს ნიშნავს რეალობაზე თვალის დახუჭვას. ბოროტება, სისასტიკის თავხედობა. სრული არაადამიანობა”, – წერს ზელენსკი.
მან აღნიშნა, რომ დაბომბვის შემდეგ გაჩენილი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.
დონეცკის რეგიონული პროკურატურის ცნობით, დაზიანებულია 20 მაღაზია, ელექტროგადამცემი ხაზი, ადმინისტრაციული შენობა და საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართული. მთლიანად დაიწვა ავტომობილი და 8 სავაჭრო ობიექტი.