უკრაინა დათანხმდა აშშ-ის წინადადებას მთელ ტერიტორიაზე 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმის საჩვენებლად, რომ უკრაინა მზადაა მშვიდობისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საუდის არაბეთში უკრაინისა და აშშ-ის გუნდების შეხვედრის წინ საუბარი იყო ჰაერში და ზღვაში სიჩუმის შეთავაზებაზე, მაგრამ შემდეგ ამერიკულმა მხარემ სხვა მიდგომა შესთავაზა.
ზელენსკის თქმით, შეხვედრის შუაში მასთან გამოჩნდა უკრაინის გუნდი და ამერიკის დელეგაცია აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და დასვეს კითხვა, მზად არის თუ არა უკრაინა გადადგას ნაბიჯები მთელ ტერიტორიაზე სიჩუმის უზრუნველსაყოფად.
“ამაზე არაერთხელ აღვნიშნე, არცერთი ჩვენგანი არ ენდობა რუსებს, ეს გამოვიარეთ, მაგრამ არ ვითამაშებთ იმ ნარატივებით, რომ არ გვინდა ომის დასრულება. მე ძალიან სერიოზულად ვარ განწყობილი და ჩემთვის მნიშვნელოვანია ომის დასრულება, მინდა ეს დაინახოს აშშ-ის პრეზიდენტმა, რათა ევროპა, ყველა, იყოს ალიანსში, რომ აიძულონ რუსეთის ფედერაცია დაასრულოს ომი.
ამიტომ, ჩემი რეაქცია იყო, რომ ჩვენ მზად ვართ 30-დღიანი სიჩუმის ფორმატისთვის, იმ ფორმატისთვის, რომელიც ამერიკულმა მხარემ შემოგვთავაზა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
11 მარტს საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე ამერიკულმა მხარემ შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტა 30 დღით მთელ ტერიტორიაზე. უკრაინა დათანხმდა ამ წინადადებას. ცეცხლის შეწყვეტაზე ახლა რუსეთის პასუხს ელოდებიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, აშშ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დღეს, 12 მარტს დაუკავშირდება.