უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიეტუვის სეიმისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ 2023 წელი იქნება “გადამწყვეტი“, ამიტომ ღირს გაერთიანება უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის დასამარცხებლად.
“ეს წელი გადამწყვეტია, ახლა ჩვენ კიდევ უფრო მეტი მობილიზაცია გვჭირდება – მთელ თავისუფალ სამყაროში. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ბოლო მოეღოს სრულმასშტაბიან აგრესიას, ტოტალურ ტერორს და მადლობელი ვარ, რომ ლიეტუვა მზადაა, ამაში დაგვეხმაროს…
ჩვენ გვჭირდება სასწრაფო გადაწყვეტილებები, ახალი თავდაცვითი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკრაინელ ჯარისკაცებს მისცემს შესაძლებლობას, განდევნონ რუსული არმია ჩვენი მიწიდან. და ეს პირველ რიგში ეხება თანამედროვე ტანკებს და ეფექტურ არტილერიას.
ჩვენ გვჭირდება ახალი სანქციების გადაწყვეტილებები, რომლებიც შეინარჩუნებენ მუდმივ და გადაულახავ ზეწოლას აგრესორ სახელმწიფოზე და ყველა ეკონომიკურ აქტორზე, რომელიც უზრუნველყოფს აგრესიის გაგრძელებას.
ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო ტრიბუნალი, რომელიც შესაძლებელს გახდის სასამართლოს წინაშე დასვას ყველა, ვისმა ბოროტმა გონებამაც გამოიწვია ეს დანაშაული, ეს ომი. როცა მოსკოვის რევანშისტები აღმოჩნდებიან სამართლიანი სასამართლოს წინაშე, ეს იქნება ისტორიული სასჯელი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, აგრესორი უნდა დამარცხდეს უკრაინის ტერიტორიაზე, რათა შემდგომში მას არ მოუწიოს ბრძოლა ევროპის სხვა ხალხების მიწებზე.
“ახლა კი – რუსეთს მოსვენება არ უნდა ჰქონდეს, დრო არ ჰქონდეს ძალები აღიდგინოს. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ არცერთ აგრესორს აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა, იოცნებოს მსგავსზე და ხელი შეუშალოს ჩვენს თავისუფლებას. უკრაინის გამარჯვება ცალსახა უნდა იყოს: ისეთი, რომელსაც რუსეთი აღარ დაივიწყებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.