უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთისა და ბრაზილიის სამშვიდობო გეგმა გააკრიტიკა და მას “დესტრუქციული” უწოდა.
მისი თქმით, გეგმა მხოლოდ “პოლიტიკური განცხადებაა“ და არ ითვალისწინებს რეალურ ვითარებას.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მან შესთავაზა ბრაზილიის პრეზიდენტს ლუის ინასიუ ლულა და სილვას ერთად განეხილათ ეს საკითხი და გამოთქვა გაკვირვება, თუ რატომ გადაწყვიტა ბრაზილიამ “შუა” პოზიციის დაკავება და რუსეთისთვის მხარის დაჭერა.
“მათი წინადადებაა დესტრუქციულია, უბრალოდ პოლიტიკური განცხადებაა. მე ვუთხარი ბრაზილიის პრეზიდენტს: “მოდით დავსხდეთ და ერთად ვისაუბროთ”. თქვენ არ ხართ ჩვენი მტრები, ჩვენ არ ვართ თქვენი მტრები. რატომ გადაწყვიტეთ უცებ, რომ რუსეთის მხარე დაიჭიროთ და სადმე შუაში იყოთ? ჩვენ ხომ სულელები არ ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ბრაზილია აღმოსავლეთ ევროპაში ომის კონტექსტში “პრორუსულ“ პოზიციას იკავებს.
“კარგი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ლულასთან და მეგონა, რომ ესმოდა ჩემი. მადლობელი ვიყავი, რომ შევხვდი და ვიყავი ძალიან ღია, აბსოლუტურად ღია. ვფიქრობდი, რომ მის გამოცდილებაში დავინახავდი იმის გაგებას, თუ რა ხდებოდა და არა მხოლოდ პოლიტიკურ დამშვიდებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ბრაზილიის მცდელობები მშვიდობიანი გადაწყვეტის პოვნაში წარუმატებელი რჩება, რადგან რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი, რომელსაც უკრაინის ლიდერმა “მკვლელი” უწოდა, ომის დასრულებას არ აპირებს.
უკრაინამ პირველი სამშვიდობო სამიტი 2024 წლის ივნისში შვეიცარიაში გამართა და ახლა ემზადება მეორე მასპინძლობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორიცაა ჩინეთი და ბრაზილია, შესთავაზეს სამშვიდობო გეგმები, უკრაინამ უარყო ისინი, რადგან არ შეესაბამება მის მიდგომას.