უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც დაგეგმილია არაერთი შეხვერდა და გაეროში გამოსვლა, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოვა, შეხვდება ამერიკული თავდაცვისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე უკრაინულ საზოგადოებას. გამართავს ორმხრივ მოლაპარაკებებს ქვეყნების ლიდერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ასევე დაგეგმილია ზელენსკის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან, რომელსაც “გამარჯვების გეგმას” წარუდგენს. ზელენსკი გეგმავს განიხილოს ამ გეგმის დეტალები, ასევე შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში.
“ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე გეგმავს შეხვედრებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან, შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენლებთან ორივე მხარის და შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც თეთრი სახლი განმარტავს, ზელენსკის და ბაიდენის შეხვედრა ხუთშაბათს, 26 სექტემბერს გაიმართება.
კამალა ჰარისს კი უკრაინის პრეზიდენტი ცალკე შეხვდება.