უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯ.დ. ვენსთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილა.
ოვალურ კაბინეტში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების შეხვედრისას ვენსმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
“ოთხი წლის განმავლობაში გვყავდა პრეზიდენტი, რომელიც პრესკონფერენციებზე იდგა და პუტინზე საუბრობდა. პუტინი კი უკრაინაში შეიჭრა და ქვეყნის უმეტესი ნაწილი გაანადგურა“, – განაცხადა ვენსმა.
მისი თქმით, ახლა ტრამპი აჩვენებს “ნამდვილ საქმეებს” ომის დასასრულებლად.
საპასუხოდ, ზელენსკიმ ჰკითხა ვიცე-პრეზიდენტს, რა სახის დიპლომატიას შეუძლია დაეხმაროს რუსეთის ომის დასრულებას უკრაინის წინააღმდეგ, როდესაც რუსებმა არაერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულებები, ომი კი 2014 წლიდან მიმდინარეობს, როდესაც აშშ-ში ხელისუფლებაში ბარაკ ობამა, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი იყვნენ.
“შეთანხმებას 2019 წელს მოვაწერე ხელი. მაკრონმა და მერკელმა დაადასტურეს ცეცხლის შეწყვეტა და ყველამ დამარწმუნა, რომ უფრო შორს არავინ წავა. გაზის კონტრაქტი გავაფორმეთ. მან (პუტინმა) დაარღვია ჩვენი შეთანხმება და არ ჩაატარა პატიმრების გაცვლა. რომელი დიპლომატია შეიძლება დაგვეხმაროს აქ?“ – მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამის შემდეგ ვენსმა დაიწყო საუბარი იმაზე, რომ უკრაინას არ ჰყავს საკმარისი ხალხი რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის და ქვეყანას თითქოს “არ შეუძლია ხალხის ჯარში წაყვანა“.
ტრამპმა დაიწყო იმის მტკიცება, რომ უკრაინას არ აქვს “საჭირო კარტები ხელში“.
“მილიონობით ადამიანი რისკის ქვეშაა. ჩვენ მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ვართ. თქვენ არ შეგიძლიათ ამით თამაში. თქვენ უპატივცემულობას იჩენთ ჩვენი ქვეყნის მიმართ და ვერ გვეტყვით რა უნდა ვქნათ”, – მიმართა მან ზელენსკის.