უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა დასავლეთს, დაეთანხმოს დარტყმებს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ განადგურდეს ყველა აეროდრომი, საიდანაც რუსეთის ფედერაცია უტევს უკრაინას.
ამის შესახებ ზელენსკიმ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის პირველ პლენარულ სესიაზე განაცხადა.
“მივმართავ ყველა თქვენგანს, ყველა ლიდერს, ვისაც შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს საჭირო გამბედაობაში. ეს ნაბიჯები (რუსეთის ფედერაციაზე დარტყმების დასაშვებად) უნდა გადაიდგას. და მივმართავ პირველ რიგში შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას და პოლონეთს და სხვა მეგობრებს – თქვენს გამბედაობას შეუძლია გადამწყვეტი ცვლილება მოახდინოს მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სამხედრო აეროდრომები, საიდანაც რუსული თვითმფრინავები აფრინდებიან ბომბებით უკრაინაზე დასარტყმელად, უნდა განადგურდეს.
“ეს არამარტო გაანადგურებს ზოგიერთ სამიზნეს, არამედ შეამცირებს რუსეთის უნარს გააგრძელოს ეს ომი, რაკეტები და დრონები არ არიან „სახელმწიფო სუვერენიტეტის მატარებლები“, ამიტომ უნდა არსებობდეს კოლექტიური ნება მათი ჩამოგდების – ისევე, როგორც ეს იყო ირანული რაკეტებისა და დრონების შემთხვევაში.
ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ეს ომი დიპლომატიური ძალისხმევისა და იარაღის ძალისხმევის წყალობით. და არ უნდა გავუშვათ შანსი ხელიდან. რაც უფრო ეფექტური იქნება საჰაერო თავდაცვა, მით უფრო უმწეო იქნება პუტინი. რაც უფრო ნაკლები შეზღუდვები გვექნება იარაღის ეფექტურად გამოყენებაზე, მით უფრო შეეცდება მეტი, რუსეთის ფედერაცია მშვიდობისკენ სვლას“, – განაცხადა ზელენსკიმ.