რუსეთის მასიური თავდასხმის შედეგად, დღეს საღამოს რამდენიმე დარტყმა განხორციელდა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოკუპანტების თავხედობა განადგურდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს არის დღე, რომელიც განსაკუთრებული მადლიერებით უნდა დასრულდეს საჰაერო თავდაცვის ყველა ჯარისკაცის მიმართ თითოეული ჩამოგდებული რუსული რაკეტისთვის.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, წინასწარი ინფორმაციით, მხოლოდ დღევანდელი რუსული დარტყმის მცდელობისას 30-ზე მეტი რაკეტა განადგურდა, რაც აბსოლუტური უმრავლესობაა.
“არის რამდენიმე დარტყმა, ასევე არის რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოკუპანტების თავხედობა განადგურდა. საჰაერო თავდაცვა – ყოჩაღ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ყოველდღიურად მუშაობს იმისთვის, რომ ჯარისკაცებს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ დაიცვან უკრაინა რუსული თავდასხმებისგან.
26 ივლისს, საღამოს უკრაინის რიგ რეგიონებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. მიზეზი 8 Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენიდან რუსული რაკეტების გაშვება იყო.
ამის შემდეგ რუსებმა თავდასხმისთვის “კინჟალის” ჰიპერბგერითი რაკეტებიც გამოიყენეს, რომლებიც MiG-31K-ის დახმარებით გაუშვეს.
მტრის თავდასხმის დროს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს 36 ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება, მათ შორის 3 კალიბრის რაკეტა და 33 Kh-101/Kh-555.