რუსეთის დიქტატორი ვლადიმერ პუტინი ემზადება არა მოლაპარაკებებისთვის, არამედ ომის გასაგრძელებლად. კერძოდ, მტერი 100 ათასზე მეტი ჯარით ზრდის თავის არმიას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“პუტინი არ ემზადება მოლაპარაკებებისთვის, არა მშვიდობის დასაწყებად, არამედ ომის გასაგრძელებლად და არა მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ, უკრაინის წინააღმდეგ. ისინი ახლა თავიანთ არმიას 100 ათასზე მეტი ჯარისკაცით ზრდიან”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველა პარტნიორმა უნდა იცოდეს ამის შესახებ და უკრაინა მზადაა, გადასცეს შესაბამისი ინფორმაცია და შესაბამისი კომუნიკაცია უკვე მიმდინარეობს დაზვერვის სამსახურების მეშვეობით. უფრო მეტიც, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ევროპის ყველა ქვეყანას მოუწევს თავდაცვის გაძლიერება.
“ჩვენ ერთად უნდა ვნახოთ, რა საფრთხეები არსებობს და რა არის ჩვენი კონტრზომები. ჩვენ გვჭირდება მკაფიო გაგება: აქ, ევროპაში, ყველა ქვეყანას მოუწევს თავდაცვის გაძლიერება და მშპ-ის 5%-იანი მიზანი თავდაცვაზე არ გაქრება დღის წესრიგიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ნატოს სამხედრო კომიტეტის ახალი ხელმძღვანელი დღეს უკრაინაში იმყოფება. კერძოდ, განიხილეს რამშტაინის ფორმატში შეხვედრისთვის მზადება.
“დღეს განვიხილეთ რამშტაინის მზადება და ჩვენი თავდაცვის საჭიროებები – ჩვენი საერთო თავდაცვა. ახლა ჩვენ ვიცით – ჩვენი დაზვერვა გვაუწყებს, რომ რუსები ქმნიან ახალ დივიზიებს, ავითარებენ ახალ სამხედრო წარმოებას.
ნათელია, რომ მათი თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეასთან გაგრძელდება. სამწუხაროდ, მოსკოვი ამ რეგიონში ავრცელებს ომის თანამედროვე ტექნოლოგიებს, კერძოდ უპილოტო ტექნოლოგიებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს ნიშნავს იმას, რომ პუტინი ომის გასაგრძელებლად ემზადება.