უკრაინელ სამხედროებს აქვთ ძლიერი თავდაცვა და ბოლო დღეებში რუსი ოკუპანტების დანაკარგები შთამბეჭდავია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრა გამართა სამხედროებთან, მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთან, გენერალური შტაბის უფროს სერგეი შაპტალთან, ასევე, მეთაურებთან. ის სპეციალურ ფორმატში და ვიწრო წრეში გაიმართა და განიხილეს ვითარება ხერსონსა და რეგიონში, ასევე საერთო ვითარება უკრაინის სამხრეთში და დონეცკის რეგიონში – პირველ რიგში ავდეევკაში.
“მადლობა ჩვენს ბიჭებს, რომლებსაც აქვთ ძლიერი თავდაცვა და დღითი დღე ანადგურებენ ოკუპანტს. ამ დღეებში რუსეთის დანაკარგები მართლაც შთამბეჭდავია და ეს არის სწორედ ოკუპანტების ის დანაკარგები, რაც უკრაინას სჭირდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ დასძინა, რომ მათ ასევე განიხილეს ხარკოვის რეგიონში კუპიანსკის მიმართულება.
გენერალური შტაბის მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში გაანადგურეს კიდევ 1380 ოკუპანტი, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე კი რუსული ჯარის მთლიანმა დანაკარგმა ცოცხალი ძალით შეადგინა დაახლოებით 292 060 ჯარისკაცი.