ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ ვიქტორ ორბანი არ დაურეკავს ასადს მოსკოვში მისი ერთსაათიანი ლექციების მოსასმენად, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, აბსოლუტურად ნათელია, რომ რეალური მშვიდობისა და გარანტირებული უსაფრთხოების მისაღწევად საჭიროა ამერიკის გადაწყვეტილება, ევროპის ერთიანობა და ყველა პარტნიორის მონდომება დაემორჩილონ გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებს.
“არ არის საჭირო საკუთარი იმიჯისთვის თამაში ერთიანობის ხარჯზე – თქვენ უნდა იზრუნოთ საერთო წარმატებაზე. ევროპაში ერთიანობას ყოველთვის მოაქვს წარმატება. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე საუბარი უკრაინის გარეშე არ შეიძლება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და სხვა ევროპელ ლიდერებს, რომლებთან ერთადაც უკრაინა უკვე მუშაობს რეალური მშვიდობისთვის სწორი და ძლიერი გადაწყვეტილებების მოსაძებნად.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, ის დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
“მქონდა ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ პუტინთან. ეს არის რუსეთის და უკრაინის ომის ყველაზე საშიში კვირები. ჩვენ ვდგამთ ყველა შესაძლო დიპლომატიურ ნაბიჯს ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების სასარგებლოდ“, – წერს ორბანი.