რუსეთმა ერთ კვირაში ათასობით დრონი და მართვადი ბომბი გამოიყენა, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მტერი არ არის მზად ომის დასრულებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთ კვირაში რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს – ჩერნიგოვის, ხერსონის, დონეცკის, ხარკოვი, დნეპრის, ოდესის, პოლტავას, კიევის, ნიკოლაევის, ზაპოროჟიეს და სუმის ოლქები.
ზელენსკის ინფორმაციით, მხოლოდ ერთ კვირაში რუსებმა გამოიყენეს 1020-ზე მეტი დრონი, თითქმის 1360 მართვადი საავიაციო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 10-ზე მეტი რაკეტა.
“ასე ნამდვილად არ იქცევიან ისინი, ვისაც ომის დასრულება სურთ. ამიტომ ჩვენ ერთობლივი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ რუსეთზე, რომ აგრესიის დასრულება ვაიძულოთ. გადამწყვეტი ზომები საჭიროა, კერძოდ, სანქციები, რომლებიც მუდმივად უნდა გაძლიერდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა შესაძლებელია უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის თანამშრომლობით.