უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სექტემბერში აქტიური საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია გაათავისუფლეს.
“სექტემბერში გათავისუფლდა 9 000 კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორია. დაახლოებით 400 დასახლებული პუნქტი. ეს შედეგი მიღწეულია, რადგან ჩვენი ხალხი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გვეხმარება. ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ყველაფერი, რომ ასეთი დახმარება მეტი იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მოუწოდა, სპეცსამსახურებთან ითანამშრომლონ და გადასცენ ყველა ინფორმაცია ფსევდორეფერენდუმების ორგანიზატორების, მობილიზაციისა და ზოგადად, რუსული არმიის შესახებ.
ასევე დაეხმარონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფებს, ვისაც ეს სჭირდება – მოხუცებს, მარტოხელა ადამიანებს, ბავშვებიან ოჯახებს.
“უკრაინა დაბრუნდება მთელ თავის მიწაზე და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ რაც შეიძლება მეტი ჩვენი ხალხი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.